"ეს სასწაული ჩემმა მარჯვენამ და თოხმა ქნა"

"წლევანდელი პომიდორი სარს 5-6-ჯერ ავაკარი, ისე მაღალი გაიზარდა"

არაგვისპირელ ნოდარ კაჭკაჭურს კარგა ხანია ვიცნობ. როცა ადრე არაგვისპირში მისი ნაკვეთი ვნახე, გულწრფელად ვუთხარი, - ქედს გიხრით, მაგრამ ეს რა საკმარისია, თქვენისთანა გლეხს სახელმწიფომ უნდა მოუდრიკოს ქედი-მეთქი. მიწათმოქმედებისთვის ამ არც ისე სახარბიელო გარემოში მოყვანილი მისი მოსავალი ავ თვალს არ ენახვებოდა - ულეველი ჰქონდა სიმინდიც, კარტოფილიც, პომიდორიც, წიწაკაც და თხილიც კი, რომელიც ბოლო ხანობამდე აქ არ მოჰყავდათ. ამ დღეებში ისევ მოვხვდი არაგვისპირში. მითხრეს, - ნოდარ კაჭკაჭურმა მძიმე ოპერაცია გადაიტანაო და ვესტუმრე. რაც იქ ვნახე, ღმერთმა ქნას, მსგავსი ბარაქით ჩვენში ყველა გლეხის ოჯახი ხარობდეს. ნოდარ კაჭკაჭური ძველებურად წელში გამართული შემომეგება, ოჯახიანად მოსავლის ასაღებად იყო გამოსული.

- ნეტავი კაცს ცხოვრების უსამართლობა არ სტკიოდეს და ფიზიკური ტკივილი ვერას უზამს. ოპერაცია კი გავიკეთე, მაგრამ ყავარჯენი არ დამიჭერია ხელში. რა დამაჭერინებდა, - კაცი მოჭიდავე ვიყავი, მოჩხუბრები რომ დამინახავდნენ, დალაპარაკება არც დამჭირდებოდა, ისე დაიშლებოდნენ. იმ ხალხის წინ დაუძლურებული, ყავარჯნებით ვივლიდი?! თანაც თებერვლის ბოლო იყო - მარტიდან კი მიწის კულტივაცია უნდა დამეწყო. ნოემბერ-დეკემბერში ტრაქტორით დახნული მიწა ჯერ გაზაფხულის დასაწყისში უნდა გააფხვიერო ხელის ტრაქტორით, მერე - თესვის წინ.

კულტივაცია იმიტომ არის საჭირო, რომ თესლმა და მისგან წარმოქმნილმა მცენარემაც ისუნთქოს და გალაღდეს. მეორე კულტივაცია აპრილში იმიტომ კეთდება, რომ ნათესს ბალახმა არ დაასწროს ამოსვლა და ზრდა არ შეაფერხოს. შემდგომ გათოხნა სჭირდება, თანაც რამდენიმე... მოკლედ, ჩავატარე 2000 კვმ მიწაზე კულტივაცია. შემდეგ მიწას ნაკელი მოვაყარე და თესვას შევუდექი. ყველაფერი დავთესე, რაც გლეხსა და ოჯახს სჭირდება, - ხახვი, ჭარხალი, კარტოფილი, ლობიო, სტაფილო, წიწაკა... მაისის ბოლოს სიმინდიც დავთესე და უფალმა დამინახა, მოსავალმაც დამინახა, მისთვის როგორ ვშრომობდი და მომყვა - ისეთი სიმინდი მომივიდა, რომ არაგვისპირში არავის აქვს.

- წლევანდელმა პაპანაქებამ თითქმის ყველგან ყველაფერი გადაწვა. არც მსგავსი სიმაღლისა და ტაროუხვი სიმინდი მინახავს სადმე და არც ასე მსხმოიარე პომიდორი.

- წყალი მაქვს და ეგ მართლაც დიდი სიმდიდრეა, მაგრამ მარტო წყლით როდის იყო, მოსავალი მოდიოდა! მთელი ცხოვრება მზის ამოსვლამდე ვიწყებდი მუშაობას, ახლაც ასე ვშვრები. განა ახალნაოპერაციებს არ მიჭირდა, მაგრამ ძალიან რომ მეტკინებოდა, მიწაზე პირქვე დავწვებოდი და ისე ვმარგლიდი, მარტო ხახვი ბარე 10-ჯერ რატო მაინც არ გავმარგლე!  სარეველებს რომ დავთხრიდი, 4-5 დღის მერე ისევ ამობიბინებული მხვდებოდა. შვილები როგორ არ მეხმარებიან, ჩემი ვაჟი მთელი დღის საკეთებელს ერთ საათში აკეთებს, მაგრამ მეც ხომ ვერ გავჩერდები. მეზობლებიც მეუბნებიან, - გვითხარი, რა იცი ამისთანა, შენს ნახელავს ასეთი  ბარაქა რომ აქვსო. ვეუბნები, დაუღალავი შრომა ვიცი-მეთქი. წლევანდელი პომიდორი სარს 5-6-ჯერ ავაკარი, ისე მაღალი გაიზარდა. განა მარტო მეზობლებს, სტუმარსაც უხარია ჩემი ყანისა და მოსავლის დანახვა. ამას წინათ ერთი კაცი მყავდა სტუმრად. მიწიდან ამოყრილ კარტოფილს რომ დახედა, - გაიხარე, ძია ნოდარ, შენი მოსავლის ნახვა ერთი დიდი სიამოვნებააო.

ეს სასწაული ჩემმა მარჯვენამ და თოხმა ქნა, - პომიდორს ძირები თოხით თუ ხელით იმდენჯერ გავუფხვიერე, რომ გალაღდა და გაიხარა. ნაკელიც ხომ ეშველება ბარაქიანობაში! დაკვირვებული ვარ, ჩითილს რომ გაუჭირდება და ნაკელის "ჟიჟას" მივასხამ, მეორე დღით ფეხზე ყოჩაღად დგება.

იხილეთ გაგრძელება