ირაკლი ღარიბაშვილი: ჩინეთს სურს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველაზე მთავარი გზავნილი, რაც ჩინეთიდან ჩამოიტანა, ჩინეთის ხელისუფლების მზაობაა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ჩინეთში გამართული ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, ვინაიდან ასეთი მაღალი დონის შეხვედრები პირველად შედგა.  "მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი ჩინეთის პრემიერთან. ასეთი დონის ვიზიტი ჩინეთთან პირველად შედგა. ჩვენ ძალიან კონკრეტული საკითხები განვიხილეთ, მათ შორის შევეხეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიც არის ანაკლიის პორტი, მაგისტრალების მშენებლობა. მათ შორის ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვაპირებთ რიკოთის უღელტეხელიზე მილიარდ სამასი მილიონიანი ღირებულების პროექტის განხორციელებას. ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტიციებზე, რომელსაც ჩინური კომპანიები აპირებენ განახორციელონ. მე მინდა ყველას გითხრათ, რომ ინტერესი ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ცალსახად ძალიან მაღალი. საქართველოს ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს როგორც ერთ-ერთ სანდო პარტნიორს და დასაყრდენს კავკასიაში, თანამედროვე ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა ჰქვია და რომელიც ეკუთვნის ჩინეთის პრეზიდენტს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის სტარეტგიული ადგილმდებარეობა, რომელიც ქვეყანას აქვს. ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის ისტორიული მისია, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა. "საქართველო აღარ უნდა გახდეს დაპირისპირების მიზეზი ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით, ეს უნდა იყოს ადგილი - მოლაპარაკებების, შეთანხმების, ვაჭრობის, კულტურული გაცვლის, კონსესუსის და მშვიდობის ადგილი. მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ამბიციური გეგმა წარმატებით ხორციელდება და ჩვენ გვაქვს რეალური პროგრესი. ყველაზე მთავარი გზავნილი, რაც მე ჩამოვიტანე, არის ჩინეთის ხელისუფლების დასტური იმ მზაობის შესახებ, რომ ჩინეთს სურს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთან და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელ რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ ფართო რეგიონში, მათ შორის ევროპაში, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ჩინეთის ბაზარი რასაც ნიშნავს, ეს ალბათ მეწარმეებმა ჩემზე კარგად იციან. ეს არის მილიარდ ოთხას მილიონიანი ბაზარი, ეს არის უზარმაზარი პოტენციალის მქონე და ჩვენს მეღვინეებს, მეწარმეებს ეხსნებათ ახალი ბაზარი. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენ ევროკავშირთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა და გავხსენით ბაზარი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. მეორე – ახლა ჩვენ ვიწყებთ ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი პრაგმატული სწორი პოლიტიკის შედეგად რუსეთის ბაზარი ხელახლა გაიხსნა, რაც ასევე ძალიან დიდი შეღავათი იყო ჩვენი მეწარმეებისთვის, ასე რომ, მე ვფიქრობ, მთავრობამ ამ მოკლე დროში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალი ბაზრები, ახალი შესაძლებლობები გაგვეხსნა ჩვენი მეწარმეებისთვის. ახლა რა თქმა უნდა, ჩვენმა ბიზნესმენებმა და მეწარმეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მედიას ჩინეთის ვიზიტის აქტიურად გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.