საპარტნიორო ფონდის გაუმჯობესებული ფინანსური შედეგები პროექტების რაოდენობაზე აისახა

საპარტნიორო ფონდის გაუმჯობესებული ფინანსური შედეგები პროექტების რაოდენობაზე აისახა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფონდი ამჟამად 10-მდე პროექტს ახორციელებს, ხოლო 20-მდე - განხილვის პროცესშია. მათივე ცნობით, სექტემბერში საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანიასთან ერთად, 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის მშენებლობასა და სვანეთში 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას ჩაუყარა საფუძველი. კოვზანაძის განცხადებით, წელს ივლისში საპარტნიორო ფონდმა 239 მგვტ სიმძლავრის გარდაბნის შერეული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა დაასრულა და სადგური სისტემაში ჩასართველად მზადაა.

მისივე თქმით, ამ ორი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებით ქვეყანაში ენერგობალანსი ძირეულად შეიცვლება. მიმდინარე პროექტებს შორისაა ასევე - რამდენიმე პროექტი სოფლის მეურნეობის და რამდენიმე ტურიზმის სექტორებიდან.  "გაზაფხულზე საპარტნიორო ფონდმა დაიწყო ადგილობრივ კომპანიასთან ერთად ლურჯი მოცვის მოყვანის და გადამუშავების პროექტი - "ვანრიკ აგრო", მიიღო გადაწყვეტილება ხელახლა დააფინანსოს მეღორეობის ფერმა "კალანდა", მალე დაიწყებს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად სათბურის პროექტის განხორციელებას დასავლეთ საქართველოში და ხილის დისტილატის საწარმოს პროექტს შიდა ქართლში", - განაცხადა კოვზანაძემ.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, მისი თქმით, აქ წელს როგორც საშუალო, ასევე, მაღალი კლასის 5 ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელება დაიწყო, მათ შორისაა, მსოფლიო ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – Hyatt Regency და 3-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქუთაისში.

რამდენიმე დღის წინ საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების 2014 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ფონდის ფინანსურმა შემოსავლებმა 2014 წლის განმავლობაში ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა.  ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, გაზრდილმა ფინანსურმა მაჩვენებელმა ფონდს შესაძლებლობა მისცა დაეფინანსებინა ყველა პრიორიტეტული პროექტი, როგორც სოფლის მეურნეობის და წარმოების, ასევე ენერგეტიკული და ტურიზმის სექტორებიდან. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, 2014 წლის ფინანსური ანგარიშით, 2013 წელთან შედარებით, ფონდის წმინდა მოგება 69%-ით გაიზარდა და 124.7 მლნ ლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა საოპერაციო მოგებაც და მან 243 მლნ ლარი შეადგინა. (რაც 2013 წლის მონაცემებზე 17%-ით მეტია. 2013 წელს ეს ციფრი 207 მლნ ლარი იყო.) ფონდის ჯამური აქტივები 8%-ით გაიზარდა და 5.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

2014 წლის ფინანსური ანგარიში საერთაშორისო აუდიტორთა დიდი ოთხეულის წევრმა აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ შეამოწმა, რომლის დასკვნითაც ფონდის ფინანსური ანგარიში საერთაშორისო სტანდარტებს სრულიად შეესაბამება.  2014 წლის ანგარიშში შესულია საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", "ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა" და "თელასის" ფინანსური მონაცემები.