2015 წლის საუკეთესო რესტორნები

კულინარიის ექსპერტები ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს ასახელებენ, რომლებიც შემდეგ 900 საერთაშორისო ჟურნალისტისა და სარესტორნო ინდუსტრიის ლიდერთა ხმის მიცემის საფუძველზე ირჩევა.

მიმდინარე წლის საუკეთესო რესტორნების დაჯილდოების ცერემონია ლონდონში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად ესპანური El Celler de Can Roca დასახელდა. რესტორანი ესპანეთის ქალაქ ხირონაში მდებარეობს და სამ ძმას ეკუთვნის - ხუან როკა მთავარი მზარეულია, ხორდი - კონდიტერი, ხოსე კი მთავარი სომელიე.

მეორე ადგილი იტალიის ქალაქ მოდენაში მდებარე რესტორან Osteria Francescana-ს ერგო. რესტორანის მთავარი ღირსება მისი მზარეული მასიმო ბოტურაა, რომელიც რესტორნის სტუმრებს უგემრიელეს და განსაკუთრებულ კერძებს სთავაზობს.

რეიტინგის მესამე პოზიციაზე დანიის დედაქალაქში განთავსებული რესტორანი „ნომა“ აღმოჩნდა. რესტორნის მთავარი მზარეული რენე რეძეპი, რომელსაც „სკანდინავიური სამზარეულოს მეფეს“ უწოდებენ, განთქმულია იმით, რომ ტყეში თავისივე ხელით დაკრეფილ ინგრედიენტებს იყენებს. რენე რეძეპე სტუმრებს 20 კერძისგან შემდგარ მენიუს სთავაზობს.

პირველ ხუთეულში ასევე მოხვდა პერუს დედაქალაქ ლიმაში მდებარე რესტორანი „სენტარი“ და ნიუ იორკის Eleven Madison Park, სადაც ერთ ადამიანზე მენიუ თითქმის 195 დოლარიდან იწყება.