"ნიკორას" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, თანამშრომლებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელფასი 28%-დან 75%-მდე გაეზარდათ

სააქციო საზოგადოება "ნიკორას" გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოქოლიშვილის ინფორმაციით, შპს "ნიკორას" თანამშრომლებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელფასი 28%-დან 75%-მდე გაეზარდათ.

ირაკლი ბოქოლიშვილი ხელფასის გაზრდისა და ჯარიმების შემსუბუქების თაობაზე გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში, ანალოგიურ საწარმოებში "ნიკორაზე" მაღალი ხელფასი არსად არის. ბოქოლიშვილის განცხადებით, დღესდღეობით კომპანიას მეტის გაკეთება არ შეუძლია, გაიზარდა ნედლეულის საფასური, სესხების მომსახურება და სხვა ტიპის ხარჯები. რაც შეეხება "ნიკორას" გაფიცული თანამშრომლების კიდევ ერთ მოთხოვნას, რაც ჯარიმების შემსუბუქებას უკავშირდება, გენერალური დირექტორის ინფორმაციით, საწარმოებში სხვადასხვა ტიპის ჯარიმები არსებობს, ზოგიერთი უსაფრთხოებას და ტექნოლოგიურ პროცესს უკავშირდება. დაგვიანებასთან დაკავშირებული ჯარიმები კი სამუშაოს დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მოქმედებს. ჯარიმებთან დაკავშირებით სისტემის გადახედვას კომპანიის ხელმძღვანელობა არ აპირებს.

ამასთან, ირაკლი ბოქოლიშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ საწარმოს თანამშრომლები ხელფასს დაგვიანების გარეშე იღებენ, სარგებლობენ კუთვნილი შვებულებითა და ანაზღაურებადი ბიულეტენით, ხოლო ზეგეგმიურ მუშაობაზე ანაზღაურებას დამატებით, გაზრდილი ტარიფით იღებენ. ირაკლი ბოქოლიშვილის ცნობით, იგი დილით რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა წარმოების დირექტორი, წარმოების უფროსი, იურისტი, HR განყოფილების ხელმძღვანელი. მისი ინფორმაციით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაფიცულებს არსებული ვითარება აუხსნეს და კომპანიის პოზიცია გააცნეს.

"ნიკორას" ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოების თანამშრომლები დღეს გაიფიცნენ. ისინი ნაძალადევის რაიონში, კომპანიის სათავო ოფისთან იყვნენ შეკრებილები, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და ჯარიმების შემსუბუქებაა. ერთ-ერთი თანამშრომლის, ელგუჯა ჩაკვეტაძის ინფორმაციით, იგი კომპანიის დამფუძნებელს, ვასილ სუხიაშვილს ესაუბრა, რომელიც საქართველოში დაბრუნებისთანავე შეხვედრას დაჰპირდა. გაფიცულები დამფუძნებლებს ხუთშაბათს, 17 სექტემბერს შეხვდებიან. ამის შემდეგ საწარმოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.