თბილისს მიწათსარგებლობის დეტალური გენერალური გეგმა ექნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, თბილისს, პირველად, მიწათსარგებლობის დეტალური გენერალური გეგმა ექნება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის ძირითადი დოკუმენტის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული მსხვილი საერთაშორისო კონსორციუმი უკვე გამოვლენილია. საუკეთესო საკონკურსო წინადადების შერჩევა-შეფასების პროცესში, დედაქალაქის მთავრობას კონსულტაციას უწევდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC.

ანგარიში კონკურსის შესახებ, დედაქალაქის მერმა და კომპანია PWC-ის წარმომადგენლებმა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს. მთავრობის მეთაური გენერალური გეგმის შექმნის მიზნით გამოცხადებული კონკურსით მსხვილი კომპანიების დაინტერესებას მიესალმება და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ თბილისს, ისტორიაში პირველად, სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სრულყოფილი დოკუმენტი ექნება.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის მიზნით გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში 11-მა მსხვილმა კონსორციუმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთი საუკეთესო შეირჩა. გამარჯვებულს თბილისის მერი დავით ნარმანია მიმდინარე კვირაში დაასახელებს.