ევროკავშირის ლიდერები მიგრანტების კვოტის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ

ბრიუსელში გუშინ გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები ლტოლვილების მიღების კვოტაზე ვერ შეთანხმდნენ. "ბიბისის" ცნობით, საუბარი იყო დამატებით 120 000 მიგრანტის მიღებაზე.

საფრანგეთმა და გერმანიამ ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებს მიგრანტების კვოტისა და მიღების პროცესის შესახებ მკაცრი პირობების დაწესებისკენ მოუწოდა. თუმცა, ცენტრალური ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ამ პირობებს არ დათანხმდა. მათი განცხადებით, განსაზღვრული რაოდენობის კვოტის დაწესება, ზოგიერთ ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს. საუბარია ისეთ ქვეყნებზე, სადაც შედარებით ნაკლები რაოდენობის მიგრანტი ჩადის.  ყველაზე დიდი რაოდენობის ლტოლვილი კი გერმანიაში ცდილობს ჩასვლას. დიდი ნაკადის გამო ორი დღის წინ ბერლინმა საზღვარზე დროებითი კონტროლი დააწესა. უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა ავსტრიამ და უნგრეთმაც.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ევროკავშირის ქვეყნებს მიგრაციის კრიზისის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს.