არის თუ არა ნავთობის მარაგი საქართველოში?

ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ "იაფი ნავთობის ერა" მალე მიუახლოვდება დასარულს.

მეცნიერები და ანალიტიკოსები მთელ მსოფლიოში კარგა ხანია მსჯელობენ იმაზე, რომ ადრე თუ გვიან ნავთობის მარაგი ამოიწურება და კაცობრიობა ამ უმნიშვნელოვანესი რესურსის გარეშე დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი "შავი ოქროს" ჭარბი მოპოვებაა, ზოგიერთი მეცნიერი ღიად აცხადებს, რომ ნავთობის მარაგი ახლო მომავალში ამოიწურება და დიდ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. ასეთივე მონაცემები გამოაქვეყნა ბრიტანეთის ენერგეტიკული კვლევების საბჭომ, სადაც წერია, რომ "იაფი ნავთობის ერა" მალე მიუახლოვდება დასასრულს. გამოკვლევის ავტორთა აზრით, არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ 2020 წლისათვის მსოფლიოში ნავთობის წარმოება თავის პიკს მიაღწევს და შემდეგ ზარალზე წავა. "იმისათვის, რომ 2030 წელს წარმოების დაცემა თავიდან ავიცილოთ, აუცილებელი იქნება ამჟამად არსებული საბადოების შემცვლელი ორი მესამედის პოვნა მაინც", - ნათქვამია მოხსენებაში, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? - ჩვენთან ნავთობის მოპოვება მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში წლიური მოპოვება, საშუალოდ 20-55 ათას ტონა იყო, დღეისათვის კი ნავთობის წლიური მოპოვება 50 ათას ტონას არ აღემატება, რადგანაც მოპოვებულ ნავთობს ადგილზე ვერ ამუშავებენ, ის მთლიანად ექსპორტზე გადის. "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციით, ქვეყანაში 14 საბადოა, საიდანაც ნავთობის მოპოვება მიმდინარეობს. ამასთან, სამუშაოები მიმდინარეობს ახალი საბადოების აღმოსაჩენადაც, ჯერჯერობით შავიზღვისპირა საბადოებიც არ არის შესწავლილი. ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში ნავთობის მოპოვება უმნიშვნელო მასშტაბისაა, რის გამოც სხვა ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული. რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო, თუ მსოფლიოში ნავთობის მარაგი მართლა ამოიწურება? - ამ შეკითხვით ანალიტიკოს ბექა კემულარიას მივმართეთ:

- იმის ზუსტად პროგნოზირება, თუ როდის ამოიწურება მსოფლიოში ნავთობის მარაგი, ჩემი აზრით, შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ ნავთობის ფასი მოთხოვნა-მიწოდებაზე იმდენად არ არის დამოკიდებული, რამდენადაც სხვა გარემოებებზე. მოგეხსენებათ, მსოფლიოში არის ქვეყნები, რომლებიც მაშინ ამცირებენ ნავთობის მიწოდებას, როდესაც მოისურვებენ და თუ ამის საჭიროებაა, პირიქით - ზრდიან. ასეთ დროს ნავთობის ფასი ყოველთვის მცირდება. ვიცით, რომ ირანს ემბარგო მოუხსნეს, რამაც ასევე გამოიწვია ნავთობის გაიაფება. ჩემი აზრით, ვინც აცხადებს, რომ ნავთობის მარაგი 2020 ან 2030 წლისთვის ამოიწურება, რაღაც სხვა ინფორმაციას ეყრდნობა და არა - კონკრეტულ გათვლებს.

- რატომ?

- ნავთობი - ეს არის განახლებადი რესურსი, მით უმეტეს, მსოფლიოში ახალ-ახალი საბადოების აღმოჩენა მიმდინარეობს და ამის თქმა ცოტა არ იყოს, არამართებულად მიმაჩნია. დღესაც ნავთობის ფასი მსოფლიოში ძალიან შემცირებულია, თუმცა არის ქვეყნები, რომელთათვისაც ამჟამინდელი ფასი მომგებიანია. ამავე დროს, ზოგიერთი ქვეყნისთვის ნავთობის ასე იაფად მოპოვება არარენტაბელურია. მათ შორისაა რუსეთიც. დავუშვათ, ერთ ქვეყანაში მარაგი მართლაც ამოიწურა, მაშინ შეიძლება მოპოვება გაზარდოს სხვა ქვეყანამ, რომელსაც მარაგი აქვს. ამის დასტურია ისიც, რომ ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი საბადო არსად აღმოუჩენიათ, მაგრამ ნავთობის ფასი უკიდურესად შემცირდა.

- აბა, რას უნდა დავაბრალოთ, რომ ნავთობის მარაგის ამოწურვაზე მსჯელობა მეცნიერებმა კარგა ხანია დაიწყეს?

- ეს შეიძლება მოხდეს 50, 100, ან 150 წლის შემდეგ, მაგრამ ეს არ მოხდება ხუთ, ან ათ წელიწადში, ამას ათეულობით წელი დასჭირდება. თუმცა, დარჩენილ პერიოდში შეიძლება მოხერხდეს ალტერნატიული წყაროების აღმოჩენაც. წლების წინ ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გამოჩნდებოდა შიგაწვის ძრავა, რომელიც ნავთობპროდუქტებზე იმუშავებდა? მით უმეტეს, ახლო მომავალში არ არის საშიშროება იმისა, რომ ნავთობის მარაგი ამოიწუროს. ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი ხერხია ნავთობის ფასის დასაჭერად: როდესაც ხედავენ, რომ "შავი ოქროს" ფასი მეტისმეტად შემცირდა და ქვემოთ მოდის, ამ პროცესის მოწინააღმდეგენი სხვადასხვაგვარ განცხადებას აკეთებენ. ვიღაცამ 2-3 დოლარითაც რომ "დაიჭიროს" ნავთობის ფასი, ესეც დიდი საქმეა. საქართველოშიც, წლების განმავლობაში ტარდებოდა და დღესაც ტარდება ე.წ. კვლევები, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში კარტელური გარიგებები არ არის, მაგრამ ეს მათი ვარაუდია, რომელსაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები.

- საქართველოში არსებულ ნავთობის მარაგზე რა შეიძლება ითქვას?

- ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე საბადო, რომელიც მოქმედებს, მაგრამ ეს არ არის ის რაოდენობა, რომელმაც შეიძლება მთელი მოსახლეობის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თუ რაიმე შეიცვლება შავიზღვისპირა ზოლში, სადაც უკვე გაცემულია ლიცენზიები ნავთობის საბადოების მოსაპოვებლად, მაშინ სულ სხვა სურათს მივიღებთ. თუნდაც გვქონდეს "შავი ოქროს" მარაგი, ქვეყანაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არა გვაქვს და აქ მოპოვებული ნავთობი მაინც სხვა ქვეყანაში უნდა წავიდეს, მერე კი, იქიდან მოგვიწევს იმპორტის განხორციელება. თუ საბადო არსებობს, მაშინ მიახლოებით არის ცნობილი, რა რაოდენობის მარაგი შეიძლება იყოს იქ, მაგრამ არსებობს ისეთი საბადოები, რომლებიც ჯერ არ აღმოუჩენიათ, ასეთი ადგილები საქართველოშიც გვაქვს, მაგალითად, შავი ზღვის აუზი, სადაც უკვე გაცემულია ლიცენზიები ნავთობის მოპოვებაზე. არსებობს ვარაუდი, რომ ნავთობის მარაგი შესაძლოა საქართველოშიც იყოს და ეს სულაც არ არის საფუძველს მოკლებული - აქვე, ჩვენს მეზობლად მყოფი აზერბაიჯანი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა და ლოგიკურია, რომ ეს მარაგი ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია. არიან დაინტერესებული პირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობს ახლაც ეძებენ, მაგრამ რეალური მონაცემები ჯერ არ ჩანს. ამ ეტაპზე კი, საქართველოში მიზერული რაოდენობის ნავთობს მოიპოვებენ, თანაც, ის საბადოები, რომლებიც მოქმედებს, საბჭოთა პერიოდშია აღმოჩენილი, მოძველებულია და სამომავლო პერსპექტივაც აღარა აქვს.  

ხათუნა ჩიგოგიძე