ირაკლი ღარიბაშვილი: "ნენსკრა ჰესი" ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დასაყრდენი იქნება

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნენსკრა ჰესი" არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი, ისეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვანეთში, "ნენსკრა ჰესის" მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ამ პროექტს ვახორციელებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან, სამხრეთ კორეულ სახელმწიფო კომპანია K Water-სთან ერთად, რომლის პარტნიორიც საქართველოს მხრიდან საპარტნიორო ფონდი იქნება. მშენებლობას ისეთი ცნობილი იტალიური კომპანია აწარმოებს, როგორიც არის Salini Impregilo.  დღეს ჩვენ ვიწყებთ წინამოსამზადებელ სამუშაოებს. ჩვენ აქ შევიკრიბეთ სიმბოლურად, რომ დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოები. პირველ რიგში ეს კომპანია ააშენებს და რეაბილიტაციას ჩაუტარებს სამშენებლო მოედანთან მისასვლელ გზებს და მობილიზებას გაუკეთებს სამშენებლო ტექნიკას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, "ნენსკრა ჰესის" პროექტის ჯამური ინვესტიცია არის 1 მილიარდი ამერიკული დოლარი. "ეს ჰესი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰესი იქნება, რომლის სიმძლავრე იქნება 280 მეგავატი და მისი პოტენციური წლიური გამომუშავება იქნება 1.2 მლრდ კვტ/სთ.

სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს 2019 წლიდან და 2021 წელს პროექტი საბოლოოდ დასრულდება. რაც ყველაზე მთავარია - ეს უზრუნველყოფს ზამთარში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლებას და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემა გახდება ბევრად უფრო მდგრადი და დამოუკიდებელი", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰესი, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.