საქართველოში ბინებს ძირითადად ემიგრანტები და უცხოელები ყიდულობენ

სამშენებლო სექტორი კლიენტების მოზიდვას ფასდაკლების აქციებით ცდილობს

საქართველოში სამშენებლო სექტორი წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდებოდა, ეს წინსვლა 2004 წლიდან მოყოლებული, 2008 წლის პირველ კვარტლამდე არ შეწყვეტილა. სპეციალისტები ამ პერიოდს ქართული სამშენებლო ბიზნესის "ოქროს ხანასაც" უწოდებენ. 2008 წლის შემდეგ კი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ამის მიზეზი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. ამ ორმა მოვლენამ ჩვენს ქვეყანაში დაწყებული სამშენებლო ბუმი კარგა ხნით შეაჩერა. საბედნიეროდ, ბოლო ხანებში ყინული დაიძრა და სამშენებლო სექტორში აშკარა გამოცოცხლება იგრძნობა, თუმცა ლარის კურსის ცვალებადობამ ეს პროცესი შეანელა. როგორც კომპანიებში ამბობენ, შარშანდელთან შედარებით, წელს გაყიდვები შემცირებულია და ეს სწორედ ლარის კურსის დაცემით არის გამოწვეული. მდგომარეობის გამოსასწორებლად სამშენებლო ბიზნესი სხვადასხვა სახის აქციებს მიმართავს, მაგალითად, დღეს საკმაოდ პოპულარულია შეთავაზება: "შეიძინეთ ბინა ძველი კურსით - 1 დოლარი = 2 ლარს", თუმცა სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, რომ ყველაზე ეფექტიანი მაინც ფასდაკლების აქციებია.

ნათია ზარნაძე, კომპანია 7 sky-ს გაყიდვების მენეჯერი: "შემოდგომა სამშენებლო ბიზნესისთვის საკმაოდ აქტიური სეზონია, მაგრამ წელს ჩვენი მოლოდინი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ჩვენი კომპანიის ყველაზე აქტიური კლიენტები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არიან. ალბათ 99 პროცენტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და სწორედ ისინი ყიდულობენ ბინებს. მოგეხსენებათ, ადგილობრივი ვალუტების გაუფასურების გამო ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რა ხდება, ამიტომ ემიგრანტების აქტიურობა წელს აშკარად შემცირებულია. თუ საქართველოში სიტუაცია არ გაუმჯობესდა, ალბათ აქ მცხოვრებ მოსახლეობას კარგა ხანს არ ექნება საშუალება თანხა დაზოგოს და ამ დანაზოგით ბინა შეიძინოს. სწორედ ამიტომ, არაერთი კომპანია იძულებულია თავისი ბინები საგრძნობლად გააიაფოს". 

ჩვენთან საუბრისას უცხოეთში მცხოვრები კლიენტების სიმრავლეზე გაამახვილა ყურადღება შპს "რედკოს" გაყიდვების მენეჯერმა მეგი წულუკიძემაც:

"შარშან შედარებით უკეთესი სიტუაცია იყო, მაგრამ რადგან ჩვენი კლიენტები უცხოელები არიან, მოთხოვნა ბინებზე მაინც არის. ჩვენც ვცდილობთ სხვადასხვა აქციით მოვიზიდოთ კლიენტურა: მაგალითად, გუდაურში აშენებულ კორპუსში მყიდველებს რემონტს საჩუქრად ვთავაზობთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროექტები ძირითადად გუდაურში ხორციელდება, ძალიან ბევრი უცხოელი კლიენტი გვყავს. ძირითადად უკრაინელები და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეები, თუმცა ბოლო ხანებში გუდაურსა და ბაკურიანში ქართველი მომხმარებლების გააქტიურებაც შეინიშნება. ჩვენი პროექტები სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება და ფასებიც სხვადასხვაა: ტურისტულ ზონებში 1 კვ.მ. ფასი 750 დოლარიდან იწყება, ხოლო თბილისში ფასები 800-დან 900 დოლარამდე მერყეობს".

კომპანია "ეპიკ დეველოპმენტის" გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო შენგელიამ ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით მათ კომპანიაში საგრძნობი ჩავარდნა არ შეინიშნება.

"მართალია, აგვისტო შემოსავლიანი არ იყო, მაგრამ ივნის-ივლისი ყველაზე კარგი თვეები იყო მიმდინარე წლის განმავლობაში. ჩვენს საქმიანობაზე ლარის კურსის ცვლილება ძალიან მოქმედებს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ 2015 წლის ბოლო კვარტალი ჩვენთვის უკეთესი იქნება", - ამბობს დოდო შენგელია.

მისივე თქმით, "ეპიკ დეველოპმენტის" ბინების ფასი გარეუბნებში 500-550 დოლარი ღირს, ხოლო ცენტრალურ უბნებში - 750-დან 850 დოლარამდე მერყეობს.

"ყველა უბანს ჰყავს თავისი მყიდველი, მაგრამ მცირე ფართის ბინები საერთოდ უფრო კარგად იყიდება - ეს ერთგვარი, დაუწერელი წესია. კლიენტები რომ მოგვეზიდა, მათ მაქსიმალური შეღავათი გავუწიეთ: ცენტრალურ უბნებში 1 კვ.მ. ფართობს ადრე 1000 დოლარად ვყიდდით, ახლა კი, უკვე 850-900 დოლარამდე ჩამოვედით. კიდევ ერთი ცვლილება, რაც წელს თვალშისაცემია, არის ის, რომ ძალიან შემცირდა მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე, ჩვენს კლიენტებს ურჩევნიათ, შიდა განვადება გააფორმონ და მეტი გადაიხადონ, ვიდრე იპოთეკური სესხი გააფორმონ. ასე თუ ისე, სამშენებლო სექტორში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ოთხი, ან ხუთი წლის წინ იყო", - განაცხადა დოდო შენგელიამ.

ხათუნა ჩიგოგიძე