ირენ ბერგმანი -100 წლის ქალბატონი, რომელიც დღემდე უოლ სტრიტზე ვაჭრობს

უოლ სტრიტის ვეტერანს, მილიარდერ ირენ ბერგმანს აგვისტოში 100 წელი შეუსრულდა. თუმცა, ასაკის მიუხედავად, წარმატებით აგრძელებს თავისი კლიენტების ფასიანი ქაღალდების მართვას.

100 წლის მილიარდერი ქალბატონი დღემდე რჩება Stralem&Co-ს ფინანსურ მრჩევლად, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კომპანიაში სიარული გასული წლის დეკემბერში შეწყვიტა და მას შემდეგ ნიუ იორკში მდებარე საკუთარი სახლიდან აგრძელებს მუშაობას.

„ნუ ჩაიდენთ სისულელეებს. კარგად გააზრებული ინვესტიცია ყოველთვის მოიტანს მოგებას. თუმცა, სამწუხაროდ ინვესტორთა უმრავლესობას მოგების ნახვა მაშინვე უნდა, რაც არასწორია. სულ მცირე სამი წელი უნდა გავიდეს, რომ მიხვდეთ, წარმატებული გამოდგა თქვენი ინვესტიცია თუ არა“, - ამბობს 100 წლის ირენ ბერგმანი.

მისი კარიერა ახდენილი ამერიკული ოცნებაა. ჯერ კიდევ ბავშვობისას, ბერლინში მცხოვრებ ირენს ძალიან უყვარდა თვალი ედევნებინა, როგორ მუშაობდა პროფესიით ფინანსისტი მამა ბერლინის საფონდო ბირჟაზე.

თუმცა, პატარა გოგონას ოცნების ასრულებას საფრთხე მეორე ომის დროს შეექმნა, როცა ნაცისტებმა მისი ებრაული ოჯახის ჯერ გერმანიაში, მერე კი ჰოლანდიაში დევნა დაიწყეს. საბოლოოდ, 1942 წელს ბერგმანების ოჯახი აშშ-ში გადაბარგდა.

ირენ ბერგმანმა კარიერა ბანკში, მდივნის პოზიციით დაიწყო. პირველი სამსახურიდან 15 წლის შემდეგ კი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე კომპანია Hallgarten@Co.-სთვის მუშაობდა.

„იმ პერიოდში უოლ სტრიტზე ქალები მაინცდამაინც ბევრნი არ იყვნენ“, - იხსენებს ბერგმანი.

ნიუ იორკში ჩასვლიდან 10 წლის შემდეგ ირენ ბერგმანმა შეძლო ოჯახის კაპიტალის დაბრუნება, რომელიც ამერიკისა და ჰოლანდიის ხელისუფლების მიერ იყო გაყინული.

100 წლის ქალბატონი ყოველთვის აღნიშნავს, რომ კლიენტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას საკუთარი ქონება აქვს.

„ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ მათი ფული არ მჭირდება, რადგან ჩემი საკუთარი მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიზნესში კლიენტების ნდობის მოპოვებაა“, - ამბობს ბერგმანი.

100 წლის მარტოხელა ქალბატონი, რომელსაც არც შვილები ჰყავს და არც ქმარი, მხოლოდ იმაზე ნანობს, რომ ხელიდან გაუშვა Apple-ის აქციები.

„მე ხელიდან გავუშვი Apple-ის აქციები, რადგან ეს მეტისმეტი იყო ჩემთვის. თუმცა, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია და არა - ვინმე სხვისი“, - ამბობს 100 წლის ირენ ბერგმანი.