ნიკოლოზ გაგუა: თუ არ იქნა დამატებითი შოკები, ლარის კურსი სტაბილური უნდა იყოს და გამყარებასაც უნდა ველოდოთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, თუ არ იქნა დამატებითი შოკები, ლარის კურსი სტაბილური უნდა იყოს და გამყარებასაც უნდა ველოდოთ. ამის შესახებ ნიკოლოზ გაგუამ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მართავს დისკუსიას "ეროვნული ვალუტის დევალვაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე".

როგორც დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, წელს ბიუჯეტის ხარჯვა არის აბსოლუტურად თანაბარი. "განსხვავებით 2013 წლისგან, სადაც შეიძლება კურსის გაუფასურებაში ბიუჯეტის ჭარბი ხარჯვები დავადანაშაულოთ, წელს აბსოლუტურად სხვა სიტუაცია გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ წელს ბიუჯეტის ხარჯვა არის ძალიან თანაბარი. ამას დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას ვანიჭებთ. ბიუჯეტს წელს გაცილებით უფრო მეტი მაკროეკონომიკური მიზნები აქვს, ვიდრე შემოსავლების გადანაწილების, იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომლებიც ყველამ ვიცით", - აღნიშნა გაგუამ.

როგორც გაგუამ განაცხადა, ბიუჯეტის შემოსავლები პროგნოზულად მიმდინარეობს. გაგუამ აღნიშნა რომ, მოხდა ბიუჯეტის შემცირება და ეს განხორციელდა იმიტომ, რომ ხელისუფლებას შეემცირებინა საგადასამხდელო ბალანსზე ზეწოლა.  "ერთი მხრივ, ჩვენ ამით შევეცადეთ ის ზარალი, რაც ეკონომიკამ მიიღო სავალუტო კურსით, სამთავრობო სექტორსაც რომ თავის თავზე აეღო", - აღნიშნა გაგუამ. მისივე თქმით, საგარეო ფაქტორები სავალტო კურსში უკვე ასახულია. "შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ არ იქნა დამატებითი შოკები ლარის მიმართ, ლარის კურსი სტაბილური უნდა იყოს და გამყარებასაც უნდა ველოდოთ", - აღნიშნა გაგუამ და იქვე დასძინა, რომ მისი პირადი მოსაზრებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოლოდინებს.