მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დეკლარირების წესის გვერდის ავლით მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკის შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "თბილისის აეროპორტი" აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ი.-ს ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად 11274,3 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.  ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ბ.ვ.-ის ხელბარგში აღმოჩნდა არადეკლარირებული მობილური ტელეფონები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 9123.18 ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ორივე მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა, შესაბამისად, 11274,3 ლარისა და 9123,18 ლარის ოდენობით.

ანალოგიური ფაქტი გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი". რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე გ.ი.-ის კუთვნილი ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მათ 4833,03 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4833,03 ლარის ოდენობით.