ლაშა პაპაშვილი: ჩემს ღვინოს 2-3 დოლარად არასდროს გავყიდი

”ისეთ სიტუაციაში, როცა ემოციები ჭარბობს და ადამიანები დოლარს მხოლოდ იმიტომ ყიდულობენ, რომ ცუდის მოლოდინი აქვთ, ასეთ დროს ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს”.- ამის შესახებ bpn-ის ბიზნესმენმა, ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს ბიზნესასოციაციის სხვა წევრებთან ერთად, ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. პაპაშვილის თქმით, ლარის დევალვაციამ მისი ბიზნესი შეაფერხა.

- ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საიმედო პროგნოზი გააკეთა - დოლარის კურსი არ აიწევსო. დღეს არსებული სურათის გათვალისწინებით, ეს ვარაუდი რამდენად რეალურია?

- ჩვენ დაპირებების არ გვჯერა. ეს ყველაფერი ციფრებით იყო წარმოდგენილი. კერძო სექტორმაც დაადასტურა, რომ დოლარის კურსი არ აიწევს. ამის წინაპირობა არსებობს. ისეთ სიტუაციაში, როცა ემოციები ჭარბობს და ადამიანები დოლარს მხოლოდ იმიტომ ყიდულობენ, რომ ცუდის მოლოდინი აქვთ, ასეთ დროს ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს.

- ზოგიერთი ბიზნესმენი ამბობს, რომ არახელსაყრელი პირობების გამო, საშუალო დონის სასტუმროების ბიზნესი ვერ ვითარდება. თქვენ როგორ შეაფასებთ არსებულ სიტუაციას?

- პირიქით, სხვა ციფრები მაქვს... ჯერ კიდევ ყირიმის კრიზისამდე, პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსკოვისა და პეტერბურგის შემდეგ, თბილისი ყველაზე გამორჩეულია, რადგან აქ მაღალი კლასის ნომრის ღირებულება განახევრებულია. ზოგადად, დერეგულირების მომხრე არ ვარ. პირიქით, რეგულაცია მირჩევნია. არ შეიძლება ყველა კუთხეში სასტუმრო გაიხსნას თამაშის წესების, ყოველგვარი ჰიგიენისა და სტანდარტის ნორმების დაცვის გარეშე.

- რუსეთსა და უკრაინაში კრიზისია, ქართული ღვინო ექსპორტზე კვლავ ვერ გადის, ბიზნესმენთა მცირე ნაწილი გზის გაჭრას ევროპის ბაზარზე ცდილობს, როგორ ფიქრობთ, ევროპის ბაზარზე წარმოდგენილ ღვინოს ქართული ღვინო კონკურენციას გაუწევს?

- ბოლო წლებში ღვინის ექსპორტი უკრაინაში უფრო მეტი იყო, ვიდრე რუსეთში. ამჟამად, ორივე ქვეყანაშია კრიზისი და ღვინოს ვერ ყიდულობენ. რაც შეეხება ევროპის ბაზარზე ქართული ღვინის გატანას, ამას რეგულაცია სჭირდება. დღეს არსებულ პირობებში ქართული ღვინო კონკურენციას ვერ გაუწევს. სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეგულაცია და სწორი პოლიტიკა არ არის. სახელწიფომ 100 წლიანი მოქმედების გეგმა უნდა შეიმუშაოს, რაც არ არსებობს. პირიქით, მცირე მეღვინეებს უწყობენ ხელს.

- არ გიცდიათ, რომ ასეთი სტრატეგია სახელმწიფოსთვის თავად ბიზნესმენებს შეგეთავაზებინათ?

- სახელმწიფოს სხვადასხვა მთავრობების დროს სტრატეგია ბევრჯერ შევთავაზეთ. თუმცა... მე თვითონ გავაკეთე ვენახი, ვაწარმოებ ღვინოს, რომელსაც 2-3 დოლარად არასდროს გავყიდი. მენანება, რომ ჩემს მიერ წარმოებული ქართული ღვინო ოდესმე ასეთ ფასში გაიყიდოს; არც საქართველოში და არც სხვაგან. ჩვენი ღვინის ფასი მინიმუმი 15 დოლარია. საზღვარგარეთ ექსპროტზე გატანის შემთხევაში 100 დოლარის ფარგლებში შეგვიძლია მივაწოდოთ. თუმცა, ამას წლები დასჭირდება. უკვე 14 წელია, რაც ღვინოს ვაკეთებთ, ალბათ კიდევ 4-5 წელი დაგვჭირდება, რომ ევროპის ბაზრაზე გავიდეთ. ამასობაში, მსოფლიოში ეკონომიური აღმავლობა თუ მოხდა, ევროპის ბაზარზე შევალთ. ჩვენი კომპანიისთვის ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპის ბაზარზე.

- რამდენად სწორია სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის სუბსიდირება? გლეხებს მუდმივად აქვთ იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფო დაეხმარებათ. მსგავსი დახმარებები ბიზნესის განვითარებისთვის რამდენად მომგებიანია?

- ჩემი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება არ უნდა ხდებოდეს. ამის წინააღმდეგი ვარ. ღვინოში მთავარია კარგი ვენახი და ჰიგიენა.

სალომე გოგოხია