კახეთის რეგიონში 14 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

18 სექტემბრის, 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 14 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ შორის, 4 500 ტონამდე რქაწითელია, 5 300 ტონამდე საფერავი, 670 ტონამდე კახური მწვანე და 3 400 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. "რთველი თანდათან აქტიურ ფაზაში გადადის. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 2,4 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს, გარდა საგარეჯოსი, რომელიც პროცესში მოგვიანებით ჩაერთვება", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 32 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. "ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 100-მდე ღვინის კომპანია. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge", - განმარტავენ სააგენტოში.