ფინური კომპანიის ანგარიშის თანახმად, საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევების ჰაკერულ ჯგუფს რუსეთი აფინანსებს

ფინური კომპანია F-Secure-ი ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევების უკან ის ჰაკერული ჯგუფი დგას, რომელსაც რუსეთის მთავრობა აფინანსებს.

კიბერუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე კომპანიის ანგარიშის თანახმად, ჰაკერთა ჯგუფმა სახელწოდებით The Dukes, 2009 წელს საქართველოში ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე კიბერშეტევა განახორციელა. სწორედ აღნიშნულ ჯგუფს აკისრებს პასუხისმგებლობას F-Secure-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებულ თავდასხმაზეც.

F-Secure-ის ანგარიშის თანახმად, ბოროტმოქმედებმა სხვადასხვა დროს პოლონეთის, ჩეხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და სხვა ქვეყნების სამთავრობო დაწესებულებების ვებგვერდები გატეხეს. ფინური კომპანიის სპეციალისტების მოსაზრებით, The Dukes-ი სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობის ინტერესებს ატარებს და კრემლისთვის სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებს, რომელსაც შემდგომში მოსკოვი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისას იყენებს.