დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს EBRD-ის დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და EBRD-ს შორის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში და მისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში დადებითად შეაფასა. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა, რომლის მხარდამჭერიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა საქართველოში საჯარო და კერძო პარტნიორობის კანონმდებლობის მომზადების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. "EBRD-ი ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციაა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კი – სამთავრობო უწყება, რომელიც სათანადო კანონმდებლობის მომზადების პროცესს წარმართავს. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე დაიქირავა ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული კონსულტანტები, რომლებიც ქართულ მხარეს სათანადო კანონმდებლობის მომზადებაში დაეხმარებიან", - აღნიშნეს სამინისტროში.

მათივე თქმით, მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ინვესტორთა საბჭოზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნა. მისი მიზანია, კერძო სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და და კერძო სექტორს შორის დიალოგის სტიმულირება. მათ შორის, კონსტრუქციული, ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებზე.