ოთარ დანელია ყურძნის გადამუშავების პროცესს მთელი ღამის განმავლობაში ეცნობოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების და გადამუშავების პროცესს გაეცნენ.

სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში კომპანიების - შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანია", შპს "მეღვინეობა გრანელი", სს "კოტეხის ღვინის ქარხანა" და სს "გურჯაანი 1929" - ქარხნები დაათვალიერეს.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები რთველის დაწყებიდან ჩართული არიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში და შეუფერხებლად განაგრძობენ მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას.

მათივე განმარტებით, ოთარ დანელია ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და საწარმოებში არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვინაიდან რთველი აქტიურ ფაზაში შედის და კახეთის მასშტაბით დღე-ღამის განმავლობაში ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი უკვე რამდენიმე ათას ტონას აღწევს, მნიშვნელოვანია საწარმოების მხრიდან მევენახეების მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს. ამასთან, დანელიას თქმით, აუცილებელია ყურძნის მიღება ქარხნებმა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოახდინონ, რათა მოსახლეობას რიგში დიდხანს დგომა არ მოუწიოს. მინისტრი ქარხნებში ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევენახეებსაც გაესაუბრა და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. "მევენახეებმა აღნიშნეს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის და მნიშვნელოვანია ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად შეძლონ", - განმარტავენ უწყებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, 18 სექტემბერს (ერთ დღე-ღამეში) კახეთის რეგიონში 4 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. 19 სექტემბრის 12:00 სთ-ის მდგომარეობით, გადამუშავებულია 19 200 ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 10,5 მლნ ლარს გადააჭარბა. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 33 ღვინის მწარმოებელი კომპანია.