მებოცვრეობის კერძო ექსპერიმენტი

"თავიდან 1 თვის ბაჭიები უნდა აიცრან, მეორე აცრა 20-25 დღის შემდეგ სჭირდებათ, მესამე კი - წლის რომ გახდებიან"

მიხეილ მახარობლიძე 31 წლის კაცია. 10 წლის იყო, სოხუმიდან დევნილი თბილისში რომ აღმოჩნდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ოქრომჭედლობა ისწავლა, მაგრამ ამ ხელობით არასდროს უმუშავია, მებოცვრეობას მოჰკიდა ხელი, რამაც ძალიან გაიტაცა. მიხეილ მახარობლიძე საკუთარ გამოცდილებას სიამოვნებით გვიზიარებს.

- ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, მებოცვრეობა დამეწყო. ლილოს დასახლებაში­ ნაკვეთი მაქვს ერთსართულიანი სახლითა და ფარდულით. ფარდული გავასუფთავე­ და მინიფერმა მოვაწყვე. 30 დედა კურდღელს მომვლელად ორი კაცი ჰყოფნის. გამრავლება - ჯიშს გააჩნია: მაგალითად, კალიფორნიული ჯიშისა 8-დან 10-მდე ბაჭიას შობს, რაც ნორმალურია. მეც ამ ჯიშის კურდღლები ვიყიდე.

- ამ საქმიანობას რომ ცოდნა სჭირდება?

- ინტერნეტით შევისწავლე ყველაფერი, მაგალითად, რა ზომისა და ფორმის მასალა სჭირდებოდა გალიებს. მერე გავიგე, ხელსაყრელ ფასად სად შეიძლებოდა მათი შეძენა.

- რა დაგჭირდათ?

- ხის მასალა, საკეტები, საკვებურები და წყურგილები - წყლის მისაწოდებლად. ისინი მანამდე გჭირდება, სანამ ცოტა კურდღელი გყავს, მათი რიცხვი რომ გაიზრდება, უკვე ნიპელური სისტემა უნდა დაამონტაჟო (ყველა გალიას დასალევი წყალი ცალკე ჩამოკიდებული სარწყულებლით მიეწოდება, წნევის რეგულატორის გამოყენებით), რომელიც მუშაობას გაგიადვილებს. კურდღელი არ სვამს ბევრ წყალს, მაგრამ ზაფხულში აუცილებლად უნდა მიაწოდო ცივი წყალი.

- რატომ?

- თუ წყალი ცივი არ არის, ბევრს სვამს, იბერება და კვდ­ება. რაოდენობას რომ გავზ­რდი, უკვე მოფიქრებული მაქვს, წყალი როგორ მივა­წოდო. სისტემაში 24 საათში ერთხელ ჩავუსხამ წყალს და მერე ყინ­ულს ჩავუყრი. ამ ყველაფრის დარეგულირებაში ნიპელური სისტემა მომეხმარება. მხოლოდ წნევის საქაჩი სჭირდება და 24 საათი­ იტრიალებს.  რამდენიმე დღის წინ დავიწყე ზრუნვა­ გალიაზეც. რკინის კონსტრუქციაზე­ გადავედი - უფრო იაფიც არის და ლამ­აზიც. თითო გალიაში 4 ბაჭიას ჩავსვამ, ოღონდ სამი თვის შემდეგ მამრების ერთად­ ჩასხმა არ შეიძლება - ჩხუბობენ,­ ტერიტორიას ნიშნავენ და ერთმანეთს ებრძვიან, ამიტომ თითო გალიაში თითო მამრი უნდა იჯდეს... მათი შეჯვარება ოქტომბრის ბოლოს შეიძლება. ამ დროისთვის შესაბამისი წონა (თითოეული 3,5 კილოგრამი უნდა იყოს) ექნებათ, ნაკლები წონისების შეჯვარება არ შეიძლება. თავიდან 1 თვის ბაჭიები უნდა აიცრან, მეორე აცრა 20-25 დღის შემდეგ სჭირდებათ, როცა 0,5 კილოგრამს იწონიან, მესამე კი - წლის რომ გახდებიან. ზოგი საერთოდ არ ცრის, მაგრამ ვფიქრობ, ეს აუცილებელია, რადგანაც ასე კურდღელიც და ფერმერიც დაცულია.

- კურდღლებს რით კვებავთ?

- გარდაბნის გრანულით - შვრიის, სიმინდის, ხორბლის, თივის ნაზავი მარცვლებად არის გადამუშავებული. კმაყოფილი ვარ, ბაჭიები კარგად იმატებენ.

- როგორ­ უნდა გაყიდოთ ბოც­ვრები - ცოც­ხლად თუ ხორცად?

- დაკვლაზე­ პრო­ბლემებს­ წა­ვა­წყდი, მითხ­რეს,­ საკუთარი სა­საკლ­აოს­ აშენება ძვირი დაგიჯდება და თან, ნებართვას არ მოგცემენო. არსებობს სპეციალური სასაკლაოები, სადაც 1 კურდღლის დაკვლაში 50 თეთრს იღებენ. რომ დავიანგარიშე, არ მიღირს, მირჩევნია, გავზარდო და ცოცხლად გავყ­იდო. 50 დედალი კურდღელი მჭირდება, რომ ყოველწლიური მუშაობა შევძლო. ასე რომ, ჯერ გაფართოებაზე ვზრუნავ. ძალიან მეხმარებიან დედა და მამიდაშვილი. დილაობით ვასუფთავებთ კურდღლების ბინას, ვაჭმევთ დილას და საღამოს, ოღონდ საცმაცუნო სულ უნდა ჰქონდეთ, მაგალითად, თუთის ფოთოლი ან რამე სხვა. კურდღლებს საკვებისგან კბილი ხშირად უზიანდებათ, ტკივილს ვერ უძლებენ და იღუპებიან. გალიებთან მწერების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარებიც მოვასხურე, რადგან არავინ იცის, კოღო ან ბუზი, რომელმაც შეიძლება კურდღელს უკბინოს, რა დაავადების გადამტანია.

- ჩვენში მებოცვრეობას ბევრი არ მისდევს.

- კურდღლის ხორცზე დიდი მოთხოვნა­ არ­ არის, არადა, ძროხის, ღორის, ცხვრისა­ და ქათმის ხორცსაც კი სჯობია, რადგან ქოლესტერინს არ შეიცავს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის კი ყველაზე სასარგებლო საკვებია. მისი ხორცისგან უგემრიელეს ჩაქაფულს ვამზადებ. ვისაც არ გაუსინჯავს, მოამზადოს და დარწმუნდება. კურდღლის ხორცით საჭმლის მომზადების 50-მდე რეცეპტი მაინც არსებობს. გაისად შეიძლება გაყიდვაც დავიწყო. თუ გავფართოვდები, მერე მუშახელსაც დავიმატებ...

ლალი ფაცია

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"