ელჩი: ე.წ. აფხაზეთის სავაჭრო პალატასა და იტალიის ქალაქის სავაჭრო პალატას შორის შესაძლო შეთანხმებები ძალის არმქონეა

საქართველოში იტალიის ელჩი, ანტონიო ბარტოლი ქ. ბარის გამოფენა "ფიერა დელ ლევანტე"-ში ე.წ.აფხაზეთის რესპუბლიკის მონაწილეობას ეხმაურება. ელჩის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ზოგიერთ აფხაზურ მედიაში გავრცელდა საფუძველს მოკლებული ცნობები და განცხადებები, რომელთა თანახმად, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელი შეუწყო ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკის" დელეგაციის ვიზიტს ქ. ბარის გამოფენა "ფიერა დელ ლევანტე"-ზე". საჭიროდ მიმაჩნია ხაზი გავუსვა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით არანაირი თანამშრომლობა არ გაუწევია. პირიქით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევით მოხდა "ფიერა დელ ლევანტეს" საგამოფენო სტენდიდან ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკის" ბანერის მოხსნა. როგორც კარგად არის ცნობილი, ამ მცნებასა და სახელწოდებას ჩვენი მთავრობა არ აღიარებს, პირიქით, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის ფართო ჩარჩოებში და გაერთიანებული ერების პოზიციის შესაბამისად გატარებულ არაღიარების პოლიტიკას", - განაცხადა იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ.

მისივე თქმით, იტალია ხელს უწყობს საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას და მის ფარგლებში აფხაზეთის რეგიონთან კონსტრუქციულ დიალოგს. "აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სახის შეუსაბამო ქმედებას შეუძლია, ამ ძალისხმევას ზიანი მიაყენოს. ე.წ.აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა და იტალიურ ქალაქ მატერას სავაჭრო პალატას შორის შესაძლო ხელმოწერილი შეთანხმებები ძალის არმქონეა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, (რომელსაც - საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, - ამ შემთხვევაშიც არანაირი როლი არ შეუსრულებია) აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა Unioncamere-ს, ორგანიზაციას, რომლიც ყველა იტალიურ სავაჭრო პალატას აერთიანებს. და ბოლოს, ასევე მსურს აღვნიშნო, რომ არ არსებობს არანაირი შეთანხმება, ხელმოწერილი იტალიის რეწვისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ეროვნულ კონფედერაციასთან", - აღნიშნულია ელჩის კომენტარში.