ვიქტორ ურბანი: მიგრანტები ევროპის საზღვრების არსებობას საფრთხეს უქმნიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ურბანის შეფასებით, მიგრანტები ევროპის საზღვრების არსებობას საფრთხეს უქმნიან, ამიტომ ევროკავშირმა აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნდა შეიმუშაოს.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ურბანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარალელურად, უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს, მიგრაციის კრიზისის დასარეგულირებლად რეგულარული ჯარი გამოიყენოს. კერძოდ, სამხედროებს უფლება მიეცემათ მიგრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და სხვა არალეტალური იარაღი გამოიყენონ.

წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 500 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ევროკომისიის განცხადებით, მიგრაციის კრიზისი ყველაზე მასშტაბურია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.