შესაძლებელია თუ არა  სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა

ლარის კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე, დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა შესაძლებელია არაუმეტეს ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით.

ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სააგენტოს ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები ლარის კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

"საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხი მოწესრიგებული არის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი მხარეებს ანიჭებს უფლებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში (რომელშიც შესაძლებელია მოაზრებული იქნას ლარის კურსის ცვალებადობა) გაზარდონ ხელშეკრულების ღირებულება, არაუმეტეს ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუკი მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგების საფუძველზე მოთხოვნილ იქნება ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა იმსჯელოს მითითებული გარემოების ნამდვილობისა და წარმოდგენილი არგუმენტების საფუძვლიანობის თაობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, შემსყიდველმა ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის რაციონალურობის პრინციპი.

"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს შესაბამისი გარემოებების არსებობისას გამოიყენონ მოქმედი კანონმდებლობის ზემოაღნიშნული ნორმები და იმსჯელონ ხელშერულების ღირებულების დადგენილი წესით გაზრდის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაუწიოს სათანადო კონსულტაციები და მისცეს მეთოდური მითითებები", - ნათქვამია განცხადებაში.