"მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა ვალუტის კურსის შემდგომ ცვლილებაზე"

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შორის ლარის დასტაბილურების საკითხზე შეხვედრის გამართვას მიესალმება.

როგორც ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში ვალუტის კურსის შემდგომ ცვლილებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მთავრობასთან ერთად აიღო. აბაშიშვილის განმარტებით, ყველა ტიპის პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მომავალში განხორციელდება, უნდა ემყარებოდეს სწორედ ერთობლივ გადაწყვეტილებებს.  "ჩვენ ვნახეთ შეხვედრა და შეხვედრის შემდგომი განცხადებები, სადაც საუბარი იყო ერთობლივი ქმედებების დაგეგმვაზე. ყოველთვის, როცა ერთობლივ ქმედებებზე და პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ჩვენ ამ პოლიტიკას მივესალმებით", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან აღნიშნულ საკითხზე სამუშაო შეხვედრა გუშინ გამართა.