ფრანგული ”მისტრალები” შესაძლოა, ეგვიპტის ხელში აღმოჩნდეს

ფრანგული სამხედრო დანიშნულების ავიამზიდები, რომლებიც რუსეთისთვის შეიქმნა, შესაძლოა ეგვიპტელებმა შეიძინონ. ფრანგული გამოცემა La Tribune-ის ცნობით, მისტრალებით შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. თუმცა ამ დროისთვის მათი გასაყიდი ფასიც კი არ დასახელებულა და ოფიციალურად არც იმაზე თქმულა, რომ საფრანგეთი მათ გაყიდვას აპირებს.

საფრანგეთსა და რუსეთს შორის 2011 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც პარიზს მოსკოვისთვის "მისტრალის" ტიპის ორი ვერტმფრენმზიდი უნდა გადაეცა. პირველი ვერტფრენმზიდი რუსეთს 2014 წლის ნოემბერში უნდა მიეღო. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, საფრანგეთმა "მისტრალის" გადაცემაზე უარი განაცხადა.

რუსეთსა და საფრანგეთს შორის შეთანხმება საბოლოოდ აგვისტოში გაუქმდა, რის შემდეგაც ფრანგულ მხარეს რუსეთისთვის მილიარდი დოლარისა და გემზე დამონტაჟებული რუსული დანადგარების დაბრუნება მოუწევს. ამის თაობაზე კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე მიიღო, მომდევნო კვირას კი მას საფრანგეთის სენატი განიხილავს.

კოკა კვირკველია