ახალი სავალუტო რებუსი ბანკების შესრულებით

გუშინ, სავალუტო ბაზარზე მორიგი უცნაურობა გათამაშდა. კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზებული 40-მილიონიანი ინტერვენციის ათვისებაზე უარი განაცხადეს. ლარის კურსმა კი დიდი სისწრაფით დაიწყო გამყარება. ეს ხდება მაშინ, როდესაც მუდმივად გვესმის, რომ სავალუტო შემოდინება შემცირებულია, დოლარზე აჟიოტაჟური მოთხოვნაა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ორშაბათს ღამე მთავრობის კანცელარიაში დაბარების შემდეგ განაცხადა, რომ ლარის გამყარებაზე ზრუნვას იწყებს და თუკი მთავრობა საჭიროდ ჩათვლიდა, ინტერვენციებსაც განახორციელებდა. გუშინ, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე, ხუთთვიანი შესვენების შემდეგ, 40 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად. მართალია, ეროვნული ბანკის აუქციონებზე კომერციული ბანკების მიერ დოლარზე მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას აღარ აქვეყნებს, მაგრამ როდესაც ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო, ჩანდა, რომ მოთხოვნა მიწოდებას თითქმის ყოველთვის აჭარბებდა. ახლა რა მოხდა? არსებობს ორი მოსაზრება. ერთია, რომ კომერციულ ბანკებს ლარის გამყარების მოლოდინი აქვთ და მაღალი კურსით დოლარი აღარ იყიდეს. მეორე - ფინანსური ზედამხედვლეობის სამსახური უკვე აკვირდება კურსის ფორმირებისას ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ქცევას.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის პრეზიდენტ ნოდარ ჭიჭინაძის აზრით, გუშინდელმა სავალუტო აუქციონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კურსის დადგენის მექანიზმი ძალიან შორს არის რეალობისგან. "აბსოლუტურად ალოგიკური იყო ჩემთვის, როდესაც აუქციონზე გამოტანილი 40 მილიონი დოლარის ათვისება არ მოხდა და მხოლოდ 27 მლნ-მდე გაიყიდა. ერთი მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ არის აჟიოტაჟი, პანიკა. მეორე მხრივ, ბანკებს არ სჭირდებათ ამ რაოდენობის დოლარის რესურსი. აქამდე უფრო ნაკლები პანიკისა და ნაკლები გაუფასურების შემთხვევაში კომერციული ბანკები 40 მილიონ დოლარს სრულად ითვისებდნენ", - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე და დასძენს, რომ გაცილებით მცირე ინტერვენციებით ეროვნულ ბანკს აქამდეც თავისუფლად შეეძლო, კურსი დაესტაბილურებინა და დევალვაცია ამ მასშტაბებამდე არ მიეყვანა.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ლარის კურსზე არაფორმალური გავლენა შეიმჩნევა. ბუნებრივია, კურსის დასტაბილურება მცირე ინტერვენციებით შეიძლებოდა, თან ისე, რომ არ მომხდარიყო ლარის მკვეთრი ვარდნა, რამაც დამატებითი პანიკა გამოიწვია და ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ეკონომიკაზე. მახსოვს ეროვნული ბანკის მხრიდან თავის მართლება, რომ ისინი საბაზრო კურსს არ შეეწინააღმდეგებოდნენ და ჩაერეოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აჟიოტაჟი და სპეკულაციური შეტევები პიკს მიაღწევდა. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,5 ლარამდე გაუფასურდა და გაუგებარია, აქამდე რას ელოდებოდა ეროვნული ბანკი", - ამბობს ნოდარ ჭიჭინაძე.

საბანკო საკითხების ექსპერტ გოჩა თუთბერიძისთვის ის არის გაუგებარი, რატომ "ამოიჩემა" ეროვნულმა ბანკმა მაინცდამაინც 40 მილიონი დოლარი, როდესაც კურსზე ზემოქმედება გაცილებით მცირე ინტერვენციებითაც შესაძლებელია.

"სებ-მა გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გაიტანა (რას ამოიჩემა ეს 40 მილიონი?). გაყიდა 27 მილიონამდე და კურსი ჩამოვიდა 2.40-ზე. გამოდის, რომ ბაზრის მოთხოვნა მხოლოდ 27 მილიონამდე იყო და სანამ ის არ დაკმაყოფილდებოდა, ივლიდა კურსი ზევით და ქვევით. არ არის საჭირო 40-40 მილიონის გამოტანა. თანაბარზომიერად მიაწოდეთ ბაზარს ვალუტა და სიტუაცია მალე დასტაბილურდება", - ამბობს გოჩა თუთბერიძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლარის კურსზე ზრუნვის გადაწვეტილება, მათ შორის ინტერვენციების გამოყენებით, გიორგი ქადაგიძემ, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მთავრობის კანცელარიაში დაბარების შემდეგ მიიღო.

"იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა გაძლიერდა, ჩვენ მზად ვართ, უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ. თავის მხრივ, მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს. ვთანხმდებით სავალუტო ფონდის მიმოხილვის განახლების აუცილებლობაზეც. ყველა ეს ღონისძიება ერთობლივად გვაძლევს იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში, საშუალოვადიან პერსპექტივაში, კურსი მნიშვნელოვნად დასტაბილურდება", - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის, თუ საჭირო გახდა, სავალუტო ინტერვენციებსაც.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კარგია, რომ ვალუტის კურსის შემდგომ ცვლილებაზე ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლობა აიღო. ყველა ტიპის პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მომავალში განხორციელდება, უნდა ემყარებოდეს სწორედ ერთობლივ გადაწყვეტილებას. "ჩვენ ვნახეთ შეხვედრა და შეხვედრის შემდგომი განცხადებები, სადაც საუბარი იყო ერთობლივი ქმედებების დაგეგმვაზე. ყოველთვის, როცა ერთობლივ ქმედებებსა და პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ჩვენ ამ პოლიტიკას მივესალმებით", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი მტკიცედ ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი აუცილებლად გამყარდება და აქ უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. "ყველასთვის ცნობილია, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება. გუშინდელი შეხვედრა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იყო, რომელზეც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ლარზე ზემოქმედებს. ასევე განვიხილეთ ყველა ის შესაძლო ქმედება, რომელსაც განახორციელებს როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი", - განაცხადა ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ბიუჯეტის მხრიდან ლარზე ზეწოლა არ არსებობს და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა ძალიან თანაბარზომიერად მიმდინარეობს. "ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა დაადასტურეს სრული მზადყოფნა კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. ვიმედოვნებთ, რომ ამის საჭიროება არ დადგება", - განმარტა ქუმსიშვილმა.

სპეციალისტები ლარის კურსის გამყარებას მომდევნო დღეების განმავლობაშიც ელიან.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"