თბილისის მერიის "მეწარმეობის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, კერძო კომპანია 600 000 ლარის ოდენობით იაფ სესხს მიიღებს

თბილისის მერიის "მეწარმეობის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, კერძო კომპანია ბიზნესის ახალი მიმართულებით განვითარებისთვის 600 000 ლარის ოდენობით იაფ სესხს (6%) მიიღებს.

სესხის გაცემის შესახებ განკარგულება დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით,  პროექტის ფარგლებში, შპს "ბუნება" მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროსა და ბიზნეს-ცენტრს ააშენებს. პროექტი ითვალისწინებს 6-სართულიან შენობაში სასტუმროს და ბიზნესცენტრის განთავსებას. სასტუმროში იქნება 16 ნომერი 30 ადგილით და ობიექტის დასრულების შემდეგ დასაქმდება 30-35 პირი.

ამჟამად ბეტონის სამუშაოები დასრულებულია და შენობის კარკასი აშენებულია. მშენებლობის დასასრულებლად საწარმოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იაფი სესხის მოძიება და შესაბამისი განცხადებით მიმართა თბილისის მერიას. კომპანიის ხელმძღვანელობის გათვლებით, მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. შპს "ბუნება" ამჟამად მინისა და მეტალო-პლასტიკის პროდუქციის დამზადება/რეალიზაციას და საქართველოს მასშტაბით დისტრიბუციას ახორციელებს.