„ფოლქსვაგენის“ გარშემო ატეხილმა სკანდალმა 11 მილიონი მანქანა მოიცვა

გერმანული ავტოკონცერნის წინააღმდეგ ევროპაში, აშშ-სა და აზიაში გამოძიება დაიწყო.

„ბიბისის“ ცნობით, „ფოლქსვაგენმა“ აღიარა, რომ მინიმუმ 11 მილიონ მანქანას აქვს დამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის რეალურ მაჩვენებელს აყალბებს.

თუმცა, თავდაპირველად აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ბრალდება 500 ათას ავტომობილს ეხებოდა, რომელიც აშშ-ში ბოლო 7 წლის განმავლობაში გაიყიდა.

მომხდართან დაკავშირებით, „ფოლქსვაგენის“ პრეზიდენტმა მარტინ ვინტერკორნმა ორჯერ საჯაროდ მოიბოდიშა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მან ძირითადი ინვესტორების ნდობა დაკარგა.

გერმანული ავტოგიგატნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომაც. ჯერჯერობით, საქმეში არ ჩართულა ევროკავშირი. ოფიციალური ბრიუსელის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიების დაწყება ევროკავშირის დონეზე ნაადრევია.

მომხდართან დაკავშირებით „ფოლქსვაგენის“ აქციების ფასი ორშაბათს 25%-ით დაეცა. გერმანულ ავტოკონცერნს 18 მილიონ დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.

„ფოლქსვაგენი“ იძულებულია, აშშ-ში გაყიდვიდან ამოიღოს 2009-2014 წლებში გამოშვებული ყველა Jetta, Beetle, Audi A3 და Golf, ასევე 2014-2015 წლებში წარმოებული Passat-ები.