მერია "ახალი მზიურის" პროექტს მხარს უჭერს

თბილისის მერია მხარს უჭერს პროექტს - "ახალი მზიური", რომელიც საზოგადოება "მზიანის" ინიციატივით დაიწყო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, "მზიურის" ტერიტორიაზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა პროექტის ავტორთან ერთად, კაფესა და ამფითეატრის აზომვითი ნახაზები შეადგინეს. პროექტის ფარგლებში "მზიური" ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მისი ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

"ახალი მზიურის" იდეა "მზის ფესტივალის" დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის. "ჩვენ გვინდა მზიური იქცეს სივრცედ, სადაც ყველა ასაკის და შესაძლებლობის ადამიანი შეძლებს მოსვლას და დასვენებას. თუკი მერიის მხარდაჭერა გვექნება, სპონსორების დახმარებით ავამუშავებთ დაკეტილ კაფეს, რომელიც იქნება სოციალური პასუხისმგებლობის და არ იქნება ორიენტირებული მოგებაზე. დამონტაჟდება პანდუსები, უსინათლოებისთვის გაკეთდება ბილიკები. ასევე გაკეთდება ამფითეატრი, სადაც მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები. სეზონის მიხედვით გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები", - განაცხადა ანა გოგუაძემ.

თბილისის მერია უერთდება საზოგადოების ინიციატივას "მზიურის" განახლებასთან დაკავშირებით და გამოთქვამს მზადყოფნას, მოლაპარაკებები გამართოს პროექტის ორგანიზატორებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეირჩეს ის ორგანიზაციები, რომლებიც "მზიურის გაცოცხლების" პროექტში ჩაერთვებიან.