დავით ნარმანია დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს განმარტავს

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს განმარტავს. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკითხვა და მათ უნდა დაასახელონ სასურველი პრიორიტეტები. "მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება ზრდა ეკონომიური ზრდის მოცულობიდან გამომდინარე, ეს გადანაწილდება იმ პრიორიტეტული სფეროების მიხედვით, რასაც მოსახლეობა გვისახელებს. ბიუჯეტის შედგენამდე დავიწყეთ და ახლაც მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკითხვა, მათ უნდა დაასახელონ ის პრიორიტეტები, რაც მომდევნო წლისთვის უნდათ. ის რაც იქნება უცვლელი და უმთავრესი პრიორიტეტი - ეს არის მომავალზე ზრუნვა, საბავშვო ბაღები. წელს ექვსი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გვქონდა დასახული, მომდევნო წელს მინიმუმ ათი იქნება. პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების სოციალური დაცვა, მუნიციპალური ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამების განხორციელება. ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, გამწვანების ღონისძიებები, სხვა დანარჩენზე ახლა ვმუშაობთ, რასაც მოსახლეობის გამოკითხვა გვიჩვენებს, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს ადგილობრივ თვითმმართველობებს საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილი რჩებათ.