ფინანსური ანგარიშგების რეფორმის მსოფლიო ბანკის ცენტრმა კორპორაციული ანგარიშგების სისტემაზე შეფასება მოამზადა

ფინანსური ანგარიშგების რეფორმის (CFRR) მსოფლიო ბანკის ცენტრმა მოამზადა განახლებული შეფასება საქართველოში კორპორაციული ანგარიშგების სისტემის "სიჯანსაღის" შესახებ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე, ეროვნული ბანკის, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს წევრები; აკადემიური და ბიზნეს წრეების ხელმძღვანელი პირები. მათივე ინფორმაციით, სანიმუშო ფინანსური ანგარიშგება ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინვესტირებისთვის, ავითარებს კაპიტალის ბაზრებს, დახმარებას უწევს კომპანიებს კრედიტთან წვდომაში და აუმჯობესებს გადასახადების ამოღებას. აუდიტის, ხარისხის უზრუნველყოფის და ზედამხედველობის ძლიერი სისტემები ხელს უწყობს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური შოკების თავიდან აცილებას. 2007 წელს ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრმა (CFRR) განახორციელა საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის გარემოს საწყისი შეფასება, რომელმაც გამოავლინა გარკვეული ნაკლოვანებები და შეუსაბამობები. შეფასებაში წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები და რჩევები ქვეყნის სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. განახლებული ანგარიში კი აფასებს 2007 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიების მონაწილეები მოწონებით შეხვდნენ ანგარიშის შედეგებს ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის პროფესიაში აღნიშნული მიღწევების შესახებ, ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღებას და ყველა დაინტერესებული მხარის თვალსაჩინო სურვილს, განხორციელდეს საქართველოს სტრატეგიული გეგმა ადგილობრივი ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად და ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით მუშაობის გასაგრძელებლად. აღინიშნა მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაც. მიზნობრივ და აქტიურ დისკუსიაში მონაწილეებმა შეაფასეს სამომავლო სტრატეგია და პრიორიტეტები, ახალი კანონმდებლობის სრული ამოქმედების, ნაკლოვანებების და შეუსაბამობების აღმოფხვრის აუცილებლობა. ხაზი გაესვა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოების მართვის გაუმჯობესების მნიშვნელობას. ასევე, ზუსტი და დროული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საჭიროებას მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად და მონიტორინგის განსახორციელებლად. აღინიშნა ისიც, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEC). მიღწეულ იქნა თანხმობა ფინანსური ანგარიშგების არსებული მოთხოვნების გამარტივების და მცირე ბიზნესისთვის სანიმუშო აღრიცხვის სარგებლის განმარტების საჭიროების შესახებ. ეს შესაძლებელს გახდის წვდომას სესხებთან და ინვესტიციებთან საწარმოს ფულადი ნაკადების საფუძველზე და გირაოს შემცირების ხარჯზე.