დედოფლისწყაროში მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება

დედოფლისწყაროში ძველ ამორტიზებულ საავადმყოფოს ახალი სტაციონარი ჩაანაცვლებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" დედოფლისწყაროში ახალ მრავალპროფილურ საავადმყოფოს 2014 წლიდან აშენებს. პროექტის მიხედვით საავადმყოფოს შენობა ერთსართულიანი იქნება თანამედროვე დიზაინითა და კეთილმოწყობილი ეზოთი. ახალი მრავალპროფილური კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე 16 სოფლის 32 531 მცხოვრებს მოემსახურება. სტაციონარი უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და პაციენტებს ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ 700 ათას ლარია. ამ ეტაპზე მშენებლობაზე 24 ადამიანია დასაქმებული. მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დედოფლისწყაროში მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.