"ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის, შემცირებულია"

ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის, შემცირებულია,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა.ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ აღნიშნულის გამო აქვთ მოლოდინი, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი დასტაბილურდება. "წლის დასაწყისიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ადგილი ჰქონდა ეროვნული ვალუტის დევალვაციას, ხდებოდა ჩვენი ექსპორტის და იმპორტის მოცულობებში ცვლილებები. 8 თვის მდგომარეობით, იმპორტი და ეს არის ის ძირითადი წნეხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ვალუტაზე მოდის, 800 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რაც წარმოადგენს 14 პროცენტიან კლებას. ამავე დროს ექსპორტი შემცირდა დაახლოებით 400 მილიონი დოლარით და დაგვაკლდა კიდევ 250 მილიონ დოლარამდე, რომელიც იყო უცხოეთში ჩვენი თანამოქალაქეებისგან გადმოსარიცხი თანხები. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ შარშანდელთან შედარებით ჩვენს ვალუტაზე წელს წნეხი 100 მილიონი დოლარით ნაკლებია. წლის ბოლოსთვის, თუ ასეთივე ტენდენციები გაგრძელდა, ეს მაჩვენებელი გაიზრდება 180 მილიონ დოლარამდე. ანუ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ თანაბარ პირობებში შარშან კურსს ჰქონდა წონასწორობის მდგომარეობა ნაპოვნი, წელსაც ჩვენ უკვე იმაზე ნაკლები დოლარის გასვლა მოგვიწევს ქვეყნიდან, ვიდრე კურსის წონასწორობას სჭირდება. სწორედ ამიტომ ველოდებით საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ნიშნულზე შეიძლება ჩამოვიდეს ლარი დოლართან მიმართებაში. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, "ასეთი წინასწარმეტყველებები უმადური საქმეა", რის გამოც ვერაფერს იტყვის.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და კონკრეტულად იმას, უნდა ჩარეულიყო თუ არა ის აღნიშნულ პროცესში აქამდეც, ქუმსიშვილის თქმით, ეროვნულ ბანკს შეეძლო მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენება, რომ პანიკაში არ გადაზრდილიყო ბაზარი.  "ინტერვენციების გაკეთება ეროვნულ ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა აქ ყოველთვის არის მიზანშეწონილობაზე და იმ პოლიტიკურ ფასზე საუბარი, რომელიც ამას მოსდევს. როდესაც არის ბაზრის ძალიან მაღალი ვოლატილობა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია პროცესში ეროვნული ბანკი ჩაერიოს, რომ ბაზარი პანიკაში არ გადაზარდოს. რა თქმა უნდა, მას ამის გაკეთება შეეძლო, თუმცა დღეს სადაც ვართ, ვართ ძალიან კარგ მდგომარეობაში, როდესაც ყველაფერი ეს არის გასული.  წლის დასაწყისში კომპანიების ანგარიშებზე არსებული ნაშთები დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, დღეს კი კომპანიებს აქვთ მილიარდ 700 მილიონი დოლარი, ანუ კომპანიებს ლარის გაუფასურების მოლოდინები გააჩნდათ, რის გამოც დოლარს ყიდულობდნენ და თავიანთ ანგარიშებზე აგროვებდნენ, თუმცა ეს თანხა მათ ანგარიშებზე ვერ დარჩება და ის ყველა შემთხვევაში ბრუნვაში უნდა წავიდეს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.