"ფარმადეპოში" გამოვლენილ დარღვევებზე, რეგულირების სააგენტომ 4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოში" გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტებზე რეგულირების სააგენტომ 4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა ნანა შაშიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად უკვე გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, შპს ეი.ბი.სი. ფარმაცია, იგივე "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელი საკუთარი ინიციატივით მომხმარებლებს სთავაზობდა მათ მიერ დამზადებულ ბარათებს ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით ელექტრონული რეცეპტის მისაღებად. პაციენტს საშუალება ჰქონდა ნებისმიერი მედიკამენტი შეეძინა მხოლოდ "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე.  როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნანა შაშიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კანონდარღვევა ითვალისწინებს სანქციას 500 -დან 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში, სანქცია ითვალისწინებს სახდელს 1000 ლარის ოდენობით.

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სამომავლოდ იგეგმება და სურვილის შესაბამისად, ნებისმიერ აფთიაქს მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება.