კახეთში 71 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

27 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 71 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 44 მილიონ ლარს მიაღწია. ღვინის ქარხნებში 8 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი.

26 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 937ტ, რაც, ღვინის სააგენტოს განცხადებით, მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროისთვის გადამუშავებულია: რქაწითელი _ 31,5 ათასი ტონა, საფერავი - 30 ათას ტონამდე, ასევე 1,8 ათასი ტონა კახური მწვანე და 8 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 24,7 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: ყვარელი -13,4 ათასი ტონა, თელავი - 14 ათასი ტონა, სიღნაღი - 7 ათას ტონა, ლაგოდეხი- 5,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა, ახმეტა - 1,7 ათასი ტონა და საგარეჯო - 2,3 ათასი ტონა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი - 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge