საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიერ მომზადებული 16 პროექტიდან ორი პროექტით უკვე ინვესტორია დაინტერესებული

საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიერ მომზადებული 16 საინვესტიციო პროექტიდან ორი პროექტით უკვე ინვესტორია დაინტერესებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წარმომადგენელმა არჩილ მელიქაძემ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიერ მომზადებული სიანვესტიციო პროექტების პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც არჩილ მელიქაძემ აღნიშნა, საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი შეიქმნა ერთი წლის წინ და მისი მთავარი ფუნქციაა საქართველოში ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების აღმოჩენა და ბიზნესგეგმების მომზადება.  "დღეს წარმოდგენილი გვაქვს 16 პროექტი, საერთო საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი დოლარია. თუ ყველა ეს პროექტი განხორციელდა, ათასამდე ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. საწყისი წარმატებები უკვე გვაქვს, ამ 16 პროექტიდან ორს ჰყავს ინვესტორი და დაიწყო იმპლემენტაცია, ერთ ინვესტორთან კი მოლაპარაკებების ფარგლებში ვართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ახალი დაინტერესებული პირები გამოჩნდებიან", - აღნიშნა მელიქაძემ.

რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლითაც უკვე ინვესტორები არიან დაინტერესებული, მელიქაძის თქმით, ეს მოიცავს მოსაპირკეთებელი მასალების წარმოებას ბუნებრივი ქვისგან და მეორე, ეს არის სამკერვალო საწარმო და მათი განხორციელება დაგეგმილია თბილისში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხარდაჭერა, მელიქაძის თქმით, თვითონ საწარმო აუცილებლად უნდა იმართოს მხოლოდ კერძო სექტორის მხრიდან, ანუ სახელმწიფო ამ პროცესში არანაირად არ ჩაერევა.  "სახელმწიფოს აქვს დამხმარე ფუნქცია, პირველი იაფი დაფინანსების მოძიება და ამისთვის რამდენიმე ინსტრუმენტი აქვს სახელმწიფოს, ასევე ექსპორტის წახალისება, კვლევების ჩატარება და ა.შ.", - აღნიშნა არჩილ მელიქაძემ.