ოთარ დანელია ყურძნის ჩაბარების პროცესს ახმეტაში გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში ყურძნის ჩაბარების პროცესს, მთელი ღამის განმავლობაში, კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ ქარხნებში ეცნობოდნენ.

ოთარ დანელია ახმეტის მუნიციპალიტეტში კომპანია "ახმეტის ღვინის ქარხნის" ახლად გახსნილ საწარმოებში ჩავიდა და მოსახლეობისგან ყურძნის მიღების პროცესს დაესწრო. მინისტრი რთველის მიმდინარეობის შესახებ ქარხნებში ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევენახეებს და ღვინის საწარმოს ხელმძღვანელსაც გაესაუბრა. მან რიგებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. ოთარ დანელიას განცხადებით, რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, რაც ბუნებრივად განაპირობებს ღვინის კომპანიებთან ყურძნის ჩაბარების მსურველთა ნაკადის ზრდას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში, შეუფერხებლად მიმდინარეობს. 27 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 75 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კი 45 მლნ ლარს გადააჭარბა.