მსოფლიო ბანკის კვლევა: 2014 წელს მთავრობის ეფექტიანობის ხარისხი ყველაზე მაღალია ბოლო 18 წლის განმავლობაში

მსოფლიო ბანკმა მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობას 6 ინდიკატორის მიხედვით აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მსოფლიო მმართველობის ექვსივე ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები მზარდია და ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ექვსივე კატეგორიაში 2014 წელს ფიქსირდება. კვლევის თანახმად, მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი 2014 წელს 71,6%-ია და ეს საუკეთესო მონაცემია ბოლო 18 წლის განმავლობაში. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი 69.9% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო 149 ქვეყანას უსწრებს წინ, მათ შორის, იტალიას, საბერძნეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, თურქეთს, რუსეთს, ბელორუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას, არგენტინას, მექსიკას, ჩინეთსა და ინდოეთს.

მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაა, რასაც საქართველოში იუსტიციის სახლები და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფს. მსოფლიო ბანკის კვლევა მსოფლიო მასშტაბით ათობით ავტორიტეტულ წყაროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ასევე, მთავრობებთან დაკავშირებულ ათასობით ექსპერტის, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს ეყრდნობა.