ირაკლი აბესაძე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის მოიხმარს

გენერალური აუდიტის ანალიზის თანახმად, თბილისის საკრებულოში შრომის ანაზღაურება, 2013 წელს წინა წელთან შედარებით, 74%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2014 წელს - 29%-ით.

გენერალური აუდიტის ანალიზი საკრებულოს შესახებ 2012-2014 წლებს მოიცავს და მასში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება "საქონელი და მომსახურება" მუხლით გათვალისწინებული ხარჯები. 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, ეს ხარჯები 51%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2014 წელს - 59%-ით. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული განპირობებულია შტატგარეშე მომსახურეთა ანაზღაურების, მივლინების წარმომადგენლობითი და ტრანსპორტის ხარჯების გაზრდით.  გენერალური აუდიტის დასკვნაში საუბარია ასევე, თბილისის საკრებულოში 2012-2014 წლებში გაცემულ პრემიებსა და სამივლინებო ხარჯებზე. კერძოდ, 2012-2014 წლებში თბილისის საკრებულოს "მივლინების" მუხლით 555 ათას ლარზე მეტია გახარჯული. წლების მიხედვით, ამ თვალსაზრისითაც, შეინიშნება თანხების ხარჯვის ზრდის ტენდენცია, რაც გენერალური აუდიტის დასკვნის თანახმად, მივლინებების რაოდენობის ზრდითა და მივლინებულ პირთა რიცხოვნობის ზრდით არის განპირობებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაზე კომენტარი საკრებულოს ოპოზიციინერმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა.  როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთლიან დასკვნას არ გაცნობია, თუმცა იქ ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაზე საუბარი არის. მისივე განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადასტურა ის, რაზეც დიდი ხანია საუბრობენ. კერძოდ, ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტს მხოლოდ პირადი სიამოვნებისა და კეთილდღეობისთვის მოიხმარს. მოსახლეობის მდგომარეობა ზოგადად მძიმდება, ბიუჯეტის ხარჯზე მოხელეთა მდგომარეობა კი უმჯობესდება.

მისივე თქმით, 2014 წლის ივლისთან შედარებით უკვე თბილისის მერიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 500-ით, ხელოვნურად არის გაზრდილი. ასე რომ, ყველა მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯები გაზრდილია.  აბესაძე არ გამორიცხავს, რომ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საკითხით შეიძლება პროკურატურა დაინტერესდეს და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.  "ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და ქამრების შემოჭერაზე "ქართულმა ოცნებამ" არაერთი განცხადება გააკეთა, თუმცა ტყუილად. ამდენად, თბილისის მერიის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პერიოდი მოდის და ამ მიმართულებით ჩვენ მოვითხოვთ, ბევრი ეფექტური ცვლილება განხორციელდეს", - დასძინა აბესაძემ.