ლეონარდო ლიდერმანი: ეროვნულმა ბანკმა შოკებს ადეკვატურად უპასუხა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შოკებს ადეკვატურად უპასუხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინსტიტუტი პროფესიონალების ხელშია, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნესკონტაქტს" თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ლეონარდო ლიდერმანმა განუცხადა, რომელიც თბილისში გამართულ ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

როგორც ლიდერმანმა აღნიშნა, ყველა განვითარებადი ქვეყანა ახლა რამდენიმე საგარეო შოკის გავლენას განიცდის.  "ერთი - ნავთობის ფასი ქვემოთ მოდის; მეორე - ფინანსური ბაზრები არასტაბილურია და მესამე - დოლარის ძალიან მკვეთრი გამყარება, ამიტომ ქვეყნებისთვის, რომლებიც დოლარიზებულია, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. თუ ასეთ ქვეყანას სურს ეროვნული ვალუტა ასეთ პირობებში დოლართან მეტნაკლებად თანასწორ მდგომარეობაში შეინარჩუნოს, მან მკვეთრად უნდა გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რამაც შესაძლოა, საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონიოს რეალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, ჩემი დაკვირვებით, ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას ამ სიტუაციაში ის ქვეყნები ახერხებენ, რომლებიც ეროვნულ ვალუტას საშუალებას აძლევენ შეძლებისდაგვარად მაქსიმუმამდე გაუფასურდეს, როგორც ეს საქართველომ გააკეთა და რასაც აკეთებს არაერთი სხვა ქვეყანა ამ რეგიონსა და ლათინურ ამერიკაში, ხოლო ამის შემდეგ ზოგიერთ შემთხვევაში, ამცირებენ კიდეც საპროცენტო განაკვეთს, ან უცვლელად ტოვებენ მას და სწორედ ეს უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას", - განაცხადა ლიდერმანმა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა დოლარიზაციის დონე ძალიან ნელა, ეტაპობრივად შემცირდეს, რათა საზოგადოებამ და ბიზნესმა კარგად გააცნობიეროს, რას ნიშნავს გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პირობებში ცხოვრება.  "მე ამ მიმართულებით მნიშნველოვან პროგრესს ვხედავ. ეროვნული ბანკის მიდგომა ძალიან პროფესიონალური და სწორია, რომ ის ნებისმიერი დონის ვალუტის გაუფასურებას არ დაუშვებს ბაზარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეროვნულ ბანკს სწორი პოზიცია უკავია, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება სავალუტო ბაზარს, ლიკვიდობას და თუკი ხედავს, რომ გაცვლით კურსზე რეაქცია გადაჭარბებულია, ე.ი. ინტერვენციის დროა, ანუ ინტერვენციას იტოვებს მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, როცა აუცილებელია ვალუტის დრამატული გაუფასურების აღკვეთა", - განაცხადა ლიდერმანმა.

თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, მთავარი მესიჯი ადამიანებისთვის არის ის, რომ გაცვლითი კურსი შეიძლება წავიდეს ზემოთ, ან ქვემოთ ჩამოვიდეს.  "მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დადგება დრო, როცა ლარი უფრო მყარი იქნება, ხოლო დოლარი უფრო სუსტი. ახლა სიტუაცია პირიქითაა და ეს ყველგან ასეა, არა მხოლოდ საქართველოში, დოლარი ყველგან ძლიერია. მთავარია არ იყოს პანიკა, რადგან გაცვლითი კურსი შოკებს თავის თავზე იღებს და მთავარია, ჩვენ როგორ ვპასუხობთ ამ შოკებს, რადგან ისინი გარდაუვალია. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ შოკებს ადეკვატურად უპასუხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინსტიტუტი პროფესიონალების ხელშია და ეს თქვენი ქვეყნისთვის კარგია", - განაცხადა ლიდერმანმა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას, ლიდერმანის განცხადებით, მის ქვეყანაში - ისრაელში საბანკო ზედამხედველობა ცენტრალური ბანკის შემადგენლობაშია და ეს კარგია. "საქართველოს რაც შეეხება, ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ცენტრალური ბანკი შეინარჩუნებს მნიშნველოვან წონას და წარმომადგენლობას ამ ცალკემდგომ საზედამხედველო ორგანოში, რადგან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც საბანკო და საკრედიტო ბაზარი არც ისე კარგად განვითარებულია, ცენტრალური ბანკი ძალიან ძლიერია და ბაზრის ლიკვიდობას უზრუნველყოფს. ამდენად, აუცილებელია იყოს თანხვედრა და კოორდინაცია ცენტრალურ ბანკსა და საბანკო ზედახმედველობას შორის", - განაცხადა ლიდერმანმა.