კახა კალაძე "საქსტატის" მონაცემებს ოპტიმისტურს უწოდებს

ის მონაცემები, რომელიც "საქსტატმა" გამოაქვეყნა, ძალიან ოპტიმისტურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შეფასებისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა არის გათვლილი იმ რეალობიდან გამომდინარე, თუ რა რეალობაში გვიწევს დღეს ცხოვრება და რა მდგომარეობაა შექმნილი მსოფლიოში. "სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც ზუსტად ანალოგიურად დადეს 2,3%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და შევხედოთ, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ის მონაცემები, რომელიც გამოქვეყნდა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ძალიან ოპტიმისტურია", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, მისი თქმით, ეს სფერო არის ძალიან მიმზიდველი და ძალიან ბევრი ინვესტიცია ხორციელდება ამ მიმართულებით. "რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, არც ერთი პროექტი არ არის შეჩერებული. მიმდინარეობს სამუშაოები, ასევე ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მოიცავს ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობას. მთლიანობაში ამ პროექტზე ათი წლის განმავლობაში 700 მილიონი დაიხარჯება", - განაცხადა კალაძემ.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,3 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. "აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს", - აცხადებენ საქსტატში.