თბილისის საკრებულოს დელეგაციამ ტურიზმის განვითარების თემაზე ბრისტოლში შეხვედრა გამართა

თბილისის საკრებულოს დელეგაციამ, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში ვიზიტით იმყოფებოდა, ქალაქის ტურიზმის განვითარების თემაზე შეხვედრა "დესთინეიშელ ბრისთოლის" დირექტორთან ჯონ პირცისთან გამართა.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯონ პირცმა ქართული დელეგაციის წევრებთან - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილთან, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძესთან, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კობა კობალაძესთან ბრისტოლში ტურისტების მოზიდვის მეთოდებზე ვრცლად ისაუბრა. კერძოდ, მოუთხრო ვებ-გვერდზე, სადაც ბრისტოლის შესახებ სრული ინფორმაციაა განთავსებული. ასევე აცნობა, რომ ბრისტოლში ჩატარდა კვლევა და გამოვლინდა ქვეყნები და ქალაქები, საიდანაც ბრისტოლში მეტი ტურისტი ჩადიოდა.

"ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა, რათა ბრისტოლსა და ამ ქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისთვის მიგვეღწია. ამ ეტაპზე ჩვენ 12 ქალაქთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გვაქვს. შედეგად მათ აქ თავიანთი წარმომადგენლობები გახსნეს და ტურისტული თანამშრომლობა ამ ქალაქებთან მნიშვნელოვნად გააქტიურდა", - განაცხადა ჯონ პირცმა. მისივე ინფორმაციით, ქალაქში ასევე არსებობს ფონდი, სადაც ტურიზმის ბიზნესით დაინტერესებული ორგანიზაციები და პირები ტურიზმის განვითარებისთვის შემოწირულობებს აკეთებენ.