ე.წ.აღნაგობის უფლების მარეგულირებელი ნორმები იცვლება

მთავრობის ინიციატივით, ე.წ. აღნაგობის უფლების მარეგულირებელი ნორმები იცვლება. ცნობისთვის, აღნაგობა ეს არის მიწის ნაკვეთის გადაცემა ვადიან სარგებლობაში, ამ ნაკვეთზე რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლებით, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი მთავრობის ინიციატივით "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების პროექტს იხილავს, რომლის თანახმად, საზღაურის გადაუხდელობის გამო აღნაგობის უფლება მესაკუთრის მხრიდან ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს ამ ვალდებულების ორი წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ცვლილების მიხედვით, მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტის ის პირობები, რომელიც კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებულია, თავად განსაზღვრონ. იმ შემთხვევაში, თუ აღნაგობის უფლება სასყიდლიანია, ამ ვადის გასვლის შემდეგ, მესაკუთრემ უნდა დააბრუნოს ანაზღაურება ნაკვეთზე აღმართულ შენობა-ნაგებობებისათვის, არანაკლებ ორი მესამედის ოდენობისა. ცვლილების თანახმად, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შეიძლება სხვა რამ იყოს გათვალისწინებული.

როგორც მთავრობა განმარტავს, ეს არის სამოქალაქო ბრუნვის ერთგვარი სტიმულირება და ნების გამოვლენის ავტონომიურობის მაღალი ხარისხის მინიჭება მხარეთა მიერ.