აფხაზეთთან პირობითი ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფელ რიყეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთთან პირობითი ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფელ რიყეში ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობის ფოტოქრონიკას ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული სოფელი მდ. ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, ხოლო მარჯვენა სანაპიროს სოფლები ოკუპირებულია. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციას განსაკუთრებული სოციალური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ეს საკითხი მთავრობის განკარგულებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა. ამ ეტაპზე სოფელ რიყის ცენტრში, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია: ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, მონაკვეთზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, სოფლის სასაფლაოსა და ეკლესიის ეზოს მიმართულებით გზის სავალი ნაწილის აღდგენა. მოწესრიგდება სოფლის ცენტრში მდებარე გამგეობასთან, სკოლასა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებთან მისასვლელი გზები, ტროტუარები და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1.239 ათასი ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.