Apple-მა „ჭკვიანი“ ბეჭედი დააპატენტა

ამერიკული კომპანიის ახალი პროდუქტი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიდი ზომის გაჯეტის გამოყენება აღარ სურს.

ინტერაქტიული ბეჭედი სენსორული ეკრანით, პროცესორით, უსადენო მიმღებ-გადამცემითა და კვების წყაროთი იქნება აღჭურვილი.

მომხმარებელმა ბეჭედი საჩვენებელ თითზე უნდა ატაროს, გაჯეტის მართვას კი დიდი თითით შეძლებს. ჭკვიანი ბეჭდის გააქტიურება ხმოვანი ბრძანებით იქნება შესაძლებელი. ტექნოლოგიური სიახლე სხვა მოწყობილობებთან, მათ შორის სმარტფონთანაც იქნება თავსებადი.

ბეჭედი აღჭურვილია მიკროფონითა და დინამიკით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება სატელეფონო ზარების განსახორციელებლადაც იქნება შესაძლებელი.

ბაზარზე Apple-ის ჭკვიანი ბეჭდის ანალოგები უკვე არსებობს, თუმცა, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ არც ერთი მათგანი არ არის ისეთი სანდო, როგორც Apple-ის ახალი გამოგონება.