დიმიტრი ქუმსიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს მსხვილი საინვესტიციო პროექტები გააცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლუკას ბეგლინგერს შეხვდა, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას მიმდინარე წლის 17 სექტემბერიდან ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს გააცნო ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ისაუბრა რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ბიზნესის სტიმულირებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში. შვეიცარია, როგორც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი-ქვეყანა, აწარმოებს მოლაპარაკების პროცესს საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების შესახებ.  შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და EFTA-ს შორის თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატის ამოქმედების მნიშვნელობა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი თბილისში 2015 წლის სექტემბერში ჩატარდა, მიმდინარე წლის ნოემბერში კი გაიმართება დიალოგის მეორე რაუნდი.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ინვესტიციებისა და საქართველოს სამთო კურორტების განვითარების სფეროებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს გააცნო მსხვილი საინვესტიციო პროექტები, სადაც შესაძლებელია შვეიცარიული კაპიტალის მოზიდვა. მათ შორის, საუბარი შეეხო წყალტუბოსა და საქართველოს სამთო კურორტებზე - ბაკურიანსა და სვანეთში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.