ქალი, რომლის ბედით მთელი საფრანგეთი იყო დაინტერესებული

ჟანა კალმანის ბედით მთელი საფრანგეთი იყო დაინტერესებული, არა იმიტომ, რომ ეიფელის კოშკის აშენებამდე 14 წლით ადრე დაიბადა, არამედ...

საფრანგეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებობს ასეთი ცნება, როგორიცაა viager: მოხუცები ყიდიან თავიანთ ბინას საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად, მყიდველი ყოველთვიურად ყველა საჭირო გადასახადს ფარავს, წინა მფლობელი კი, სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობს ბინაში.

ვინმე ადვოკატმა, ანდრე-ფრანსუა რობინმა, ამ გზით შეიძინა ბინა ჟანა კალმანისგან. მოხუცი იმ დროისთვის 90 წლის გახლდათ. ყოველთვიური გადასახადი 2500 ფრანკს (დაახლოებით 400 დოლარი) შეადგენდა.

ჟურნალისტების წყალობით ეს ისტორია პრესის ფურცლებზე მოხვდა და ამ გარიგებას დიდი აღფრთოვანებით მთელი საფრანგეთი აკვირდებოდა. მუსიე რობინი 77 წლის ასაკში ისე გარდაიცვალა, რომ ახალ ბინაში ცხოვრებას ვერ ეღირსა. ამ დროისთვის კალმანისთვის 180 ათასი დოლარი ქონდა გადახდილი, რაც ბინის ღირებულებას ორჯერ აღემატებოდა. ვალდებულებების თანახმად, გადასახადების გაგრძელება ოჯახს დაეკისრა. ჟანა ეროვნული გმირი გახდა.

1997 წელს ჟანა კალმანი 122 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქალი მსოფლიოს ყველაზე მხცოვან ადამიანად აღიარეს, რაც დოკუმენტებით არის დამტკიცებული. ქალს ცხოვრების განმავლობაში ერთი დღეც კი არ უმუშავია. გატაცებული იყო ჩოგბურთით, ცურვით, ველოსპორტით, უკრავდა პიანინოზე და ხშირად დადიოდა ოპერაში. 85 წლის ასაკში ფარიკაობამ გაიტაცა, 100 წლისა ველოსიპედით სეირნობდა, 114 წლისა კინოში გადაიღეს, სადაც ვან გოგთან 100 წლის წინანდელი შეხვედრის ისტორიას იხსენებდა. 117 წლის ასაკში მოწევას თავი დაანება, და ისიც იმიტომ, რომ თვალთ დააკლდა და ეუხერხულებოდა ვინმესთვის წარა-მარა ეთხოვა სიგარეტის მოკიდება.

მოხუცი ამტკიცებდა, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სამი მიზეზით განისაზღვრებოდა: მოიხმარდა დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთს, სვამდა პორტვეინს და კვირაში 1 კილოგრამ შოკოლადს მიირთმევდა. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: ”მხოლოდ ერთი ნაოჭი გამაჩნია, და მე ახლა მასზე ვზივარ”.

დუდანა ზაქარაია