"საგზაო შემთხვევების შემცირების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით აიღო"

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, საგზაო შემთხვევების შემცირება ის ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით აიღო. "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების ის განუყოფელი ნაწილი, რომელმაც უნდა მოახერხოს როგორც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ასევე სწორი ეკონომიკური განვითარება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში საგზაო შემთხვევები იზრდება, მაშინ როცა ევროპასთან ასოცირების ნაწილში გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რათა აღნიშნული რაოდენობა შემცირდეს. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება წარმატებული და ყველა ის მიგნება, რომელიც სტრატეგიაშია ჩამოყალიბებული, დეტალურად განიხილება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სტრატეგია სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა და რომ მათი კოორდინაციისთვის შესაბამისი მაკოორდინირებელი საბჭო უნდა შეიქმნას.  "რეგიონული განვითარების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო - ესენი არიან ძირითადი უწყებები, რომელთა კოორდინაციაც საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გეგმის განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, უნდა შეიქმნას მაკოორდინირებელი საბჭო, რომელიც შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას გაუწევს მონიტორინგს",- განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.