ღარიბების რაოდენობა შემცირდა

პირველად კაცობრიობის ისტორიაში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები იქნება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში წელს 700 მილიონი ადამიანი, ანუ პლანეტის მოსახლეობის 9,6% ცხოვრობს. აქედან ნახევარი აფრიკის კონტინენტის მკვიდრია. „დღეს ეს ყველაზე კარგი ამბავია მთელ მსოფლიოში. პროგნოზი გვიჩვენებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ პირველი თაობა ვართ, რომელსაც უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა შეუძლია“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ ენ კიმმა. მისი თქმით, უკიდურესი სიღარიბის დონის ყოველწლიური შემცირება განვითარებადი ქვეყნების აქტიური ეკონომიკური ზრდით და ჯანდაცვისა და განათლების სფეროში ინვესტიციების ჩადებით, ასევე სოციალური უსაფრთხოების სისტემის ეფექტური მუშაობითაა განპირობებული.

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა კატეგორიას მიეკუთვნება ყველა ის ადამიანი, რომლის დღიური შემოსავალი 1,9 აშშ დოლარს არ აღემატება. საინტერესოა, რომ 2012 წელს უკიდურეს სიღარიბეში დედამიწის მოსახლეობის 13% ცხოვრობდა, 1999 წელს კი - 29%.