ვაკის რაიონში თანადაფინანსების პროგრამით, 8 თვის განმავლობაში 1,419 მლნ ლარის სამუშაოები შესრულდა

ვაკის რაიონში, თანადაფინანსების პროგრამით, 8 თვის განმავლობაში 1,419 მლნ ლარის სამუშაოები შესრულდა, რაც დაფინანსებულის დაახლოებით 63%-ია.

"ინტერპრესნიუსი" თბილისის რაიონული გამგეობების მიერ "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის" ფარგლებში შესრულებული სამუშაოებით დაინტერესდა და რაიონულ გამგეობებს წერილით მიმართა, მოეწოდებიათ ინფორმაცია წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით, 8 თვის განმავლობაში, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის" ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების განაცხადების საფუძველზე დაფინანსებული პროექტების შესახებ. კერძოდ, კორპუსის სახურავების, ლიფტების შეკეთების, სადარბაზოების შიდა რემონტის, საკანალიზაციო სისტემების შეცვლის და სხვა სამუშაოებზე.

"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, რა თანხა იყო გამგეობის ბიუჯეტით ამ მიზნით გათვალისწინებული, რამდენი გამოიყო და როგორია 8 თვის განმავლობაში ამ თანხების ათვისება, რა სახსრები დაიხარჯა ამ მიზნით. ვაკის რაიონის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გამგეობამ დღემდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების დასაფინანსებლად 2,227 მლნ ლარი გამოყო, თუმცა ჯერ მხოლოდ 1,419 მლნ ლარია დახარჯული. გამგეობის წერილში აღნიშნულია შესასრულებელი სამუშაოების 16 ტიპი, თუმცა რამდენი განაცხადია შესული და მათგან რამდენი დაფინანსდა, აღნიშნული არ არის. შესაბამისად უცნობია, რა სამუშაოების ჩატარებას უფრო ითხოვს რაიონის მოსახლეობა და რომელი სამუშაო უფრო პრიორიტეტულია გამგეობისთვის დასაფინანსებლად.

ასევე გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა -  471 ათას ლარზე მეტი ლიფტის შეკეთების სამუშაოებზეა გამოყოფილი, თუმცა გახარჯული დაახლოებით 281 ათასი ლარია. გამოყოფილი თანხების მოცულობის მიხედვით შემდეგ მოდის შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთებისთვის გათვალისწინებული თანხები -  466 ათას ლარზე მეტი. აღნიშნულიდან უკვე გახარჯულია 267 ათასი ლარი; სადარბაზოს რემონტისთვის გამოყოფილია 384 ათასი ლარი, 242 ათასი ლარის სამუშაო კი შესრულდა. მნიშვნელოვანი თანხებია ასევე გამოყოფილი შენობის ბრტყელი სახურავის შესაკეთებლად-  273 ათასი ლარი და შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებლად - 232 ათასი. სახურავების შესაკეთებლად შესრულებულია 234 ათასი ლარის სამუშაო, ხოლო წყალკანალიზაციისთვის 135 ათასი ლარი. არის ისეთი სამუშაოს ტიპი, სადაც გამოყოფილი თანხა საერთოდ არ არის გახარჯული. კერძოდ, შენობის კაპიტალური გამაგრებისთვის გამოყოფილია 71 ათასი ლარი, სამუშაოების შესრულება კი ნულის ტოლია.

გამგეობის ინფორმაციით, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამისთვის" წელს 2,364 მლნ ლარია გათვალისწინებული. რეალურად წლის ბოლომდე პროგრამით გათვალისწინებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების დასაფინანსებლად 137 ათასი ლარია დარჩენილი.