პარიზში, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები განიხილეს

პარიზში, საქართველოს საელჩოში ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კომისიის სხდომას სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა. პარიტეტული კომისიის წევრები იყვნენ ქართული მხარიდან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი, ხოლო, ფრანგული მხრიდან: ქართული კერას წარმომადგენლები - ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი და ეთერ ფაღავა.

სხდომაზე, რომელიც 5 საათი გრძელდებოდა, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის პროცესის წინა მოსამზადებელი პერიოდი, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ დიაგნოსტიკური წინასწარი შეფასების საპროექტო სამუშაოების შემდეგ, ლევილის საქართველოსთვის გადაცემა შეუქცევადი პროცესი გახდება.